,,სანამ კრიზისი გრძელდება, ჩემი რეკომენდაციაა, შეჩერდეს ლარიზაციის პროგრამა“

,,სანამ კრიზისი გრძელდება, ჩემი რეკომენდაციაა, შეჩერდეს ლარიზაციის პროგრამა“ - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სებ-მა არაორდინალური ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან სიტუაციაც არასტანდარტულია.

„ნაკლები ნდობის გამო ეროვნული ვალუტის მიმართ, მთავრობამ შემოიღო ხელოვნური მექანიზმი - ლარიზაციის. ამით, ეკონომიკურად თუ შევხედავთ ზოგადი სიტუაცია არ შეცვლილა. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანი ავადაა და ჩვენ არ ვმკურნალობთ და ტკივილგამაყუჩებელს ვაძლევთ. ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება ფეხზე დაყენება, უნდა გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი და თუ ეს მოხდება ლარიზაცია იქნება თავისთავადი პროცესი. 2017 წელს ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა რაციონალური მარცვალი, დღეს კი პრობლემა გართულებულია. სანამ ეს კრიზისი გრძელდება, ჩემი რეკომენდაციაა, შეჩერდეს ლარიზაციიის პროგრამა.

ეს მოგვცემს თუნდაც იმას, რომ ბანკებში არსებულმა უცხოურმა ვალუტამ ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. არის მეორე გამოსავალი, რომ ლარიზაციაზე არ ვთქვათ უარი, მაგრამ 200 000-იანი ზღვარი დავწიოთ 50 000-ზე. ამით მცირე სესხები გაიცემა ლარში, შედარებით მსხვილ მსესხებლებს კი დარჩებათ არჩევანის თავისუფლება. მას განვიხილავ დროებით მექანიზმებად, რომელსაც ექნება მოკლევადიანი ეფექტი, რადგან ამ საკითხს აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, შეიძლება სულაც არ შეჩერდეს და უბრალოდ, დაიწიოს ეტაპობრივად, რომ ვნახოთ როგორი იქნება ბაზრის რეაგირება. არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი პროტოკოლი, როგორ იმოქმედო ასეთ დროს, მაგრამ როცა ცენტრალურ ბანკს წარმოადგენ, ხომ უნდა გრძნობდე ქვეყნის ეკონომიკას? ახლა სიჯიუტე საზიანოა ქვეყნისთვის. მთავარი არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაში დაშვებული შეცდომებია, არამედ სიჯიუტეშიც, რომელიც სებ-ს ახასიათებს. კრიზისის დროს არაორდინალური ნაბიჯებია საჭირო“, - აცხადებს პაპავა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი