აშშ მსოფლიო ქვეყნებს კორპორატიული გადასახადის გლობალური ზღვარის დაწესებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორპორატიული გადასახადის საერთო მინიმალური ზღვარი დააწესონ. ინფორმაციას პორტალი Axios ავრცელებს. ამით აშშ-ს მთავრობა ცდილობს თავიდან აირიდოს ადგილობრივი ბიზნესის გადასვლა უცხოური იურისდიქციების ქვეშ, რაც შესაძლოა, გამოიწვიოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კორპორატიული გადასახადის 21%-დან 28%-მდე გაზრდამ.

Axios-ის ინფორმაციით, აშშ G20-ის ქვეყნებთან გადასახადების საკითხზე მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს, რათა გადასახადის ზღვარის დაწევაზე ქვეყნებს შორის ერთგვარი შეჯიბრების პროცესი შეაჩეროს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კონკურენცია მხოლოდ აშშ-ში დარეგისტრირებული ბიზნესის სხვებთან დაპირისპირებას კი არ უნდა მოიცავდეს, არამედ მტკიცე საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფასაც უნდა გულისხმობდეს, რათა მთავრობებს საზოგადოების კეთილდღეობაზე დასახარჯად საკმარისი ფული ჰქონდეთ.

გამოცემის აზრით, თუკი თეთრი სახლი სხვა ქვეყნებს მინიმალური გლობალური კორპორატიული გადასახადის შემოღებაზე დაითანხმებს, აშშ-დან ოფშორებში კომპანიების გადადინების ალბათობა შემცირდება. ჯო ბაიდენის მიერ კორპორატიული გადასახადის მესამედით, 21-დან 28%-მდე გაზრდა მისი ახალი ეკონომიკური პროგრამით არის გათვალისწინებული. 2017 წლამდე გადასახადი 35%-ს შეადგენდა და წინა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ის 14 %-იანი პუნქტით შეამცირა.

ორგანიზაცია Tax Foundation-ის გამოთვლით, G7-ის წევრ-ქვეყნებში (G8-დან რუსეთი ყირიმის მიერთების შემდეგ გაირიცხა) კორპორატიული გადასახადის საშუალო ღირებულება 24%-ია, ევროკავშირში კი - 21,47%.

ის, რომ ამერიკა პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ გადასახადს ზრდის, ეს ფაქტორი, Axios-ს ვარაუდით, ამერიკის ეკონომიკას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ