"თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, იძულებული ვიქნებით, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დავაყენოთ"

უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობა მოიმატებს, საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში კვლავ დადგება მძლავრი შეზღუდვების დაწესების საკითხი.

„რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება ?!- პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით ანუ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, მხედველობაში მაქვს, პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან და ყველას მიერ, დისტანციის დაცვა ყველგან, სადაც შევდივართ, ხშირი ჰიგიენის დაცვა, ხელებს დამუშავება და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება. არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა და რაც შეიძლება უნდა გავაინტენსიუროთ აცრები! ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში არის იმ რაოდენობით, რომ ჩვენ უფრო მასობრივად ავიცრათ. ამიტომ, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.