„ველოდებით, რომ განაცხადების 80-90% დაკმაყოფილდება“ - რესტორატორები თანადაფინანსების პროექტის მე-2 ეტაპზე

ეს ვერ იქნება გადარჩენა სფეროსთვის, მაგრამ ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ყველა დახმარება, რომელსაც მივიღებთ“- ამის შესახებ, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველო“ ახორციელებს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, მეორე ეტაპზე, პირველისგან განსხვავებით განაცხადების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდება, რადგან კრიტერიუმები შემსუბუქებულია და სექტორი მეტად მომზადებული.

,,ეს არის ეკონომიკის სამინისტროს და „აწარმოე საქართველოში“ საერთო პროექტი, რომელიც ჩვენს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა. პირველი ე.წ. ქოლის დროს 1 500-მდე განცხადება იყო შესული, საიდანაც მხოლოდ 400-მდე განაცხადი დაკმაყოფილდა. მიზეზი იყო ის, რომ კრიტერიუმები იყო უფრო რთული და ინფორმაცია ბევრ ობიექტს არ ჰქონდა, ვის ეკუთვნოდა და ვინ ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს დაფინანსებისთვის. პირველი ეტაპის მერე, როცა მეორე ე.წ. ქოლი ჩაინიშნა, შემსუბუქდა კრიტერიუმები და გარკვეულწილად უფრო მომზადებული იყო ჩვენ სექტორიც, შესაბამისად, ველოდებით, რომ განაცხადების დაახლოებით 80-90% დაკმაყოფილდება.

ეს გარკვეულწილად შვებაა, რადგან სესხის 80%-ის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს დაზოგოს თანხა და ისევ ეკონომიკაში ჩააბრუნოს. ეს ვერ იქნება გადარჩენა სფეროსთვის, მაგრამ ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ყველა დახმარება, რომელსაც მივიღებთ.

გაცილებით ადვილად დასაკმაყოფილებელია თბილისის მერიის სუბსიდირების პროექტი, სადაც განცხადებების მიღება უკვე დამთავრდა და 500 რესტორნის განაცხადი შევიდა. დაახლოებით 2 მლნ ლარია პროექტის ბიუჯეტი და კვირის ბოლომდე ალბათ, უკვე დაიწყება გადარიცხვები“, - ამბობს შოთა ბურჯანაძემ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერსდა არის თუ არა სიახლე, შაბათ-კვირის გახსნასთან დაკავშირებით, ბურჯანაძის თქმით, ეს საკითხი ეპიდემიოლოგების მხრიდან დამუხრუჭებულია.

,,სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგების მხრიდან ეს საკითხი სრულიად დამუხრუჭებულია. მით უფრო ახლა, როცა ინფიცირებულების რიცხვის მატებაა. ეს საკითხი ახლა დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სარესტორნო ინდუსტრიიდან მიმართვების მიღების მე-2 ეტაპზე სულ 803 განაცხადი შევიდა; სპორტული ობიექტების მიმართულებით - 117, ხოლო საბავშვო ბაღის მიმართულებით - 100 მიმართვა.

თამარ მუკბანიანი