IMF-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ 3.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ განახლებული პროგნოზი IMF-ის წინა პროგნოზთან შედარებით შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, სავალუტო ფონდის წინა პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაზრდილიყო.

რაც შეეხება მომდევნო წლებს, პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წელს 5.5%-ით.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მთავრობას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობა წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელის.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ეკონომიკა წელს ვერ აღდგება, რადგან 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით შემცირდა.

აქვე ყურადსაღებია მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა.

ნოდარ სირბილაძე