პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე კვირისთვის გეგმავს

პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე კვირისთვის გეგმავს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანის და დამტკიცების თარიღი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა. საბიუჯეტო პროექტის ბოლო, კორექტირებული ვერსია პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარედგინა და ის განსახილველად პირდაპირ სესიაზე გავა. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებად ვადა დეკემბრის მესამე პარასკევის ჩათვლით აქვთ, არსებული ინფორმაციით, სათანადო გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე კვირისთვის გეგმავენ.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა. 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე. კანონპროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 140,0 მლნ ლარით გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი და 8 030,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 800,0 მლნ ლარით აღემატება, ხოლო მშპ-ს 25,2%-ს შეადგენს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 160.0 მლნ ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 140.0 მლნ ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს.

2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 115.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 30,0 მლნ ლარით), ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 100.0 მლნ ლარი (პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 5,0 მლნ ლარით).

2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით შემცირებულია 15.0 მლნ ლარით და განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით - 160-ლარამდე გაზრდა, რის განხორციელებასაც მთავრობა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან აპირებს.