ქუჩები თბილისში, სადაც 1-ლი მაისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პირველი მაისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.

კერძოდ, ახალი სისტემა ამუშავდება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩებზე.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება.

„პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე. პირველ მაისამდე მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, ასევე, იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ინერგება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის. მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები. გარდა ამისა, უფასოა A კარეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი. პირველი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება საათი - ერთი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

„ზოგადად, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და ეს მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ეს მოხდება ეტაპობრივად, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ტარიფებიც რაიონების და ქუჩების მიხედვით განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისში დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, აღნიშნული ცვლილებით კი, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება.