უახლოეს მომავალში, 700 ერთეული ახალი მიკროავტობუსი ეყოლება ქალაქს, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, თბილისში მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ამასთან, კალაძემ განმარტა, რომ გარდა ახალი მიკროავტობუსებისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 8 მეტრიანი ავტობუსები ემატება იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი.
“დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე, 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება, აქედან 300 ერთეულის შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და ეს შესყიდვა განხორციელდება იმ თანხებით, რომელსაც კომპანიისგან მივიღებთ. 300 ერთეული ლურჯი მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქში გადაადგილდება, ბიუჯეტის ფულით შეისყიდა მუნიციპალიტეტმა და კომპანიას ჩავუდეთ ვალდებულება, რომ ის გამოისყიდდა, ის მოგვცემდა იმ თანხას, რაც გვაქვს გადახდილი. ივნისისთვის უნდა მოხდეს გამოსყიდვა და ამ მიღებული თანხით კიდევ 300 ერთეულს ვიყიდით და აქაც ვდებთ ვალდებულებას, რომ ეს 300 ერთეული კომპანიამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ იმ ფასად გამოისყიდოს და დამატებით 400 ერთეულს შეიძენს კომპანია და საერთო ჯამში 1000 ერთეული მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას.
ყვითელი მიკროავტობუსები დაახლოებით 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ 1000 მიკროავტობუსის საჭიროება არსებობს. ჩვენ ვამატებთ ახალ 8 მეტრიან ავტობუსებს და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს ქალაქის მოსახლეობა თავს, როდესაც ზოგადად ამ რეფორმის დასრულება მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ნაწილში. დღეს გვაქვს სამწუხაროდ, რაიონები, უბნები, კონკრეტული ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება ან ძალიან დიდია მოცდის დრო - ეს ყველაფერი გვინდა შევცვალოთ და ზუსტად, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი, იყოს ყველაზე კომფორტული მისი გამოყენება და ქალაქში გადაადგილება. ამისთვის იქმნება სპეციალური საავტობუსე ზოლები, ამისთვის წესრიგდება ინფრასტრუქტურა, რომ გაიზარდოს მოთხოვნა ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, - განაცხადა კალაძემ.