IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მიმდინარე წელს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტი 5,5-დან 6%-მდე გაიზრდება, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებული 4,2%-დან ზრდას 4,4%-მდე ვარაუდობენ. გაუმჯობესებულია 2020 წლის კლების შეფასებაც - მინუს 3,5-დან მინუს 3,3%-მდე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა იმაზე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ეს 2010 წელს, მაშინდელი ფინანსური კრიზისის შემდეგ მოხდა. იმ დროს ეკონომიკური კლება მხოლოდ 0,1% იყო, ხოლო 2010 წელს გლობალური ეკონომიკა 5,4%-ით გაიზარდა.

ფონდის ექსპერტები მოელიან, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის ტემპი წელიწადში 3,3%-ით შენელდება. განვითარებული ქვეყნებიდან მიმდინარე წელს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა აშშ-ს ექნება და ის 6,4%-ს შეადგენს, რაც კრიზისამდელი მაღალი მაჩვენებელია. თუმცა უმრავლეს ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წელს დაუბრუნდება. მომავალ წელს აშშ-ში ზრდა 3,5%-ით შენელდება, თუმცა ეს შეფასება არ ითვალისწინებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი ინფრასტრუქტურული პროგრამის შედეგებს, რომელშიც თეთრი სახლი 2 ტრილიონ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირებას გეგმავს.

სსფ-ს პროგნოზით, წელს ევროს ზონაში მთლიანი შიდა პროდუქტის მატება 4,4%-ს შეადგენს, მომავალ წელს კი - 3,8%-ს. ფონდის მოლოდინები ორივე წელს 0,2%-ით არის გაზრდილი. განვითარებადი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება ინდოეთს. იქ ეკონომიკა 12,5%-ით გაიზრდება, შემდეგ ჩინეთს - 8,4%-ით. 2022 წელს ჩინეთში მშპ 5,6%-ით გაიზრდება, ინდოეთში კი - 6,9%-ით. რუსეთში მიმდინარე და მომავალ წელსაც ეკონომიკური ზრდის თანაბარი, 3,8%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდება. 2021 წელს ბრაზილიაში ეკონომიკა 3,7%-ით, 2022 წელს კი 2,6%-ით გაიზრდება. მექსიკის მიმდინარე და მომავალი წლების მაჩვენებლებია 5% და 3%. საუდის არაბეთის - 2,9% და 4%.

„ვაქცინაცია და პანდემიასთან ადაპტაცია მსოფლიო ეკონომიკას მოლოდინზე უფრო სწრაფად აღდგენაში ეხმარება. ამასთან, აშშ-ს ანტიკრიზისული პროგრამა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის დამატებით სტიმულად გვევლინება,“ - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ