ბეზოსი ამერიკული კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ემხრობა

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამერიკული კოპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ემხრობა. ამ განაცხადებით მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც კორპორატიული გადასახადების 21-დან 28%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით სიტყვის გამოსვლის დროს, Amazon იმ კომპანიად მოიხსენია, რომელიც ძალიან ცოტა გადასახადს იხდის.

გავრცელებულ განცხადებაში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს, რომ Amazon მხარს უჭერს ბაიდენის მიერ „ინფრასტრუქტურაზე ყურადღების გამახვილებას.“ კორპორატიული გადასახადების გაზრდა პრეზიდენტს სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად სჭირდება. პროგრამის მიხედვით, გადასახადების გაზრდა დაეხმარება გზების, პორტების, წყალსადენებისა და ინტერნეტის მოდერნიზაციისთვის საჭირო მასშტაბური ხარჯების დაფარვას. ჯეფ ბეზოსი რესპუბლიკელებს და დემოკრატებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით „ერთად იმუშაონ“ და მიაღწიონ კომპრომისებს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ინვესტიციებს ორივე მხრიდან დათმობები სჭირდება იმ საკითხზე, თუ რას მოიცავს ეს პროგრამა და იმაზეც, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ის. ჩვენ კორპორატიული გადასახადების გაზრდას ვემხრობით. მოუთმენლად ველით კონგრესისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთობლივ, სამართლიან და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ში კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,“ - ნათქვამია ჯეფ ბეზოსის განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ