„სატაცურის წარმოება 100%-ით გავზარდეთ“ - როგორი იქნება წელს პროდუქტის ღირებულება

საქართველოში სატაცურის წარმოება იზრდება. როგორც პროდუქტის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, წელს 100%-ით მეტ მოსავალს ელოდება, ვიდრე გასულ წელს. ამის მიზეზი კი, სატაცურზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც პროდუქტის სასარგებლო თვისებებმა და ცნობადობის ამაღლებამ განაპირობა.

რაც შეეღება მის ღირებულებას, ისევე როგორც პროდუქტების დიდი ნაწილი, სატაცურიც გაძვირდება და 1კგ-ს ფასი საშუალოდ, 25 -30 ლარი იქნება.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარია.

როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელი ამბობს, სატაცურის მოყვანით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პროდუქტის კულტივირებისა და სასარგებლო თვისებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, მოთხოვნაც გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენც გავაფართოვეთ წარმოებაც. ამ დროისთვის 5 ჰექტარს ვფლობთ, საიდანაც ჯერ მხოლოდ 2 ჰექტრის მოსავალს ველოდებით. მართალია, დაახლოებით, ერთ კვირაში ვაპირებთ მოსავლის აღებას და ამინდებიდან გამომდინარე, ზუსტად რა რაოდენობის მოსავალს ავიღებთ, პროგნოზირება რთულია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სატაცურის წარმოება 100%-ით გავზარდეთ. დაახლოებით, 4 ტონა მოსავალს ველოდებით“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, წარმოების ზრდის პარალელურად, სეზონურად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. რაც შეეხება ექსპორტს, „რკ ოზაანი“ სავარუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.

„ყველაფერი გაძვირდა, ნედლეულით დაწყებული, საწვავით დამთავრებული, შესაბამისად, გაიზრდება სატაცურის ფასიც. სავარაუდოდ, საშუალოდ, 25-30 ლარი ეღირება. ხარისხის მიხედვით. ამ სეზონზე გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც, 7-8 ადამიანის დამატება მაინც დაგვჭირდება (აქამდე 12 ადამიანს ასაქმებდა) უშუალოდ აღების, დამუშავება, დახარისხების პროცესში. ასევე, ტექნიკური მხარეც დაემატება.

პროდუქტით ძირითადად სუპერმარკეტებს მოვამარაგებთ, თუმცა, ჭარბი მოსავალი იყო და გავწვდით, შესაძლოა, ბაზრებშიც შევიტანოთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ამაზე მომავალი წლიდან ვიფიქრებთ“,- განაცხადა ჯაბა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, წარმოების პარალელურად, საქართველოდან რეკორდულად იზრდება სატაცურის ექსპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2018 წელს ქვეყნიდან 1,4 ათასი აშშ დოლარის (0,2 ტონა) პროდუქტი გავიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 22,6 ათას აშშ დოლარს (5,9 ტონა) შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 43,7 ათას აშშ დოლარს (9,5 ტონას).

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველომ გასულ წელს სატაცურის ექსპორტი განახორციელა, ჩამონათვალში მხოლოდ ორი ქვეყანაა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი კი რუსეთია. კერძოდ:

  • რუსეთი - 9.3 ტონა (41.8 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 0.2 ტონა (1.9 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური