88 წლის ასაკში კანადელი ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მანდელი გარდაიცვალა. მას „ევროს მამას“ უწოდებდნენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. რობერტ მანდელი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო წევრი იყო.
გასული საუკუნის 60-იან წლებში მანდელმა საერთოევროპული ეკონომიკური და სავალუტო კავშირის იდეა შეიმუშავა და ევროს შემოღების თეორიული საფუძველი შექმნა. ის ეკონომისტ მარკუს ფლემინგთან ერთად მუშაობდა და ნეოლიბერალიზმის, როგორც ეკონომიკის მოდელის თეორიაში წვლილი შეიტანა. მანდელის აკადემიური კარიერა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სტენფორდის და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში, ჟენევის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდს მოიცავს.
რობერტ მანდელი სხვადასხვა დროს გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აშშ-ს, კანადის, ჩინეთის, ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობების კონსულტანტად მუშაობდა.
1999 წელს მანდელმა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის დააჯილდოვეს იმ თეორიის გამო, რომლის მიხედვითაც მოქნილი ბაზარი, კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება ერთიანი სავალუტო ზონის წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა. მისმა კვლევებმა ევროპის ერთიანი ვალუტის შემოღებას საფუძველი ჩაუყარა.
რობერტ მანდელი იტალიაში გარდაიცვალა, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ