აგარაკების გაქირავებაზე „ფეისბუქ“ ჯგუფებში პოსტების დადება დროებით შეჩერდა

სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართების გაქირავების შესაძლო აკრძალვაზე რეაგირება უკვე მოხდა სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში.

როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში მეტნაკლებად გაიზარდა მოთხოვნა კერძო სახლებისა თუ აგარაკების გაქირავებაზე. ამ მიზნით, არაერთი ჯგუფიც არის შექმნილი სოციალურ ქსელში. თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ღონისძიებებზე ფართების გაქირავება დასჯადი ხდება, ჯგუფებში ამ შინაარსის პოსტების დადება დროებით შეჩერდა.

„ჯგუფი დროებით წყვეტს პოსტების დადასტურებას, გთხოვთ გაგებით მოვეკიდოთ, რათა არ დავზარალდეთ და არ დავაზარალოთ სხვები,“-მსგავსი შეტყობინებით აფრთხილებენ ჯგუფის ადმინები ჯგუფის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს.

თაია არდოტელი