ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი დაწეულია, რესტორნებში კი რეგულაციები დაცული არაა.
ტიკარაძე საზოგადოებას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი პირველი ნაბიჯი, თხოვნა და მოწოდება დღეის მდგომარეობით ჩვენი მოქალაქეების მიმართ არის ის, რომ მათ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც მიწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შრომითი უსაფრთხოებიდან. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ არის დაწეული პირბადის გამოყენების პროცენტი, ასევე სოციალური დისტანცირება, რომელსც ჩვენი მოქალაქეები საერთოდ აღარ იცავენ, ასევე არის დიდი აქტივობა რესტორნებში, სადაც არ არის დაცული ის რეგულაციები, რომელიც ვირუსის შესაკავებლად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგიების მიზანი ნამდვილად არ არის ის, რომ ჩვენ მუდმივად გავამკაცროთ რეგულაციები და მივმართოთ საბჭოს ჩაკეტვებისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინონ გულისხმიერება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც ქვეყანას შემდეგ „ლოქდაუნს“ ააცილებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.