"სასტუმროებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საბანკო ვალდებულებები და ტურისტების მოზიდვა"

სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლის“ კვლევის მიხედვით პანდემია ყველაზე მტკივნეულად შეეხო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს - 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 80%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიზნეს კვლევების სახლი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოკითხულ სასტუმროთა უმეტესობას პანდემიიდან გამომდინარე მოუწია სასტუმროს დროებითი დახურვა, ნაწილი რეგიონებში შიდა ტურიზმზე კონცენტრირდა, თბილისში არსებული სასტუმროების უმეტესობა კი „კოვიდ სასტუმროდ“ გადაკეთდა.

„რაც შეეხება 2021 წელს ტურისტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით, გამოკითხულ სასტუმროთა ყველაზე დიდ ნაწილს (37%) სჯერა, რომ წელს შესაძლოა ტურიზმი 2019 წლის დონის 0-30% ფარგლებში იყოს, თუმცა 2019 წლის ტურისტების ნახევარს ან მეტს ჯამურად რესპოდენტების 44% ელოდება.

რაც შეეხება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევებს 2021 წელს, სასტუმროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო მეორე მხრივ ტურისტების მოზიდვა.

სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლმა“ ახალ კვლევაზე ,,საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021’’ მუშაობა დაასრულა. კვლევის პერიოდში გამოიკითხა ბიზნეს სექტორი, უცხოელი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. ,,ბიზნეს კვლევების სახლი“ ყოველწლიურად გააკეთებს ანალოგიურ კვლევას ბიზნეს მოლოდინების შეფასების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.