რუსეთის მთავრობამ ლუდის მარკირების ექსპერიმენტი დაიწყო

რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 1-ლი აპრილიდან რუსეთის ტერიტორიაზე ლუდის მარკირების ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც მომავალი წლის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერიმენტი, ასევე, ეხება ლუდის შემცველობისა და გარკვეული ტიპის დაბალალკოჰოლურ სასმელს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოხალისე ლუდის მწარმოებლებს, იმპორტიორებს, საბითუმო, საცალო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურე ორგანიზაციებს. მონაწილეებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი საქონლის ჩამონათვალი და ციფრული აღრიცხვისა და ეტიკეტირების სისტემების შესაძლებლობები დატესტონ.

მარკირების ექსპერიმენტის გაკონტროლება დაევალათ ფედერაციის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ციფრული განვითარების, კომუნიკაციისა და მასმედიის სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებს, ალკოჰოლური ბაზრის მარეგულირებელ ფედერალურ სამსახურს, მოხმარებისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის სამსახურს, აკრედიტაციის სამსახურს და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს, იგივე, ФСБ-ს.

როგორც დადგენილებაში წერია, ექსპერიმენტის მიზანია სპეციალისტების მიერ წინადადებების შემუშავება იმ კანონმდებლობაში შესწორების შეტანის მიზნით, რომელიც ლუდის, ლუდის შემცველობისა და გარკვეული ტიპის დაბალალკოჰოლიანი სასმელების ბრუნვას არეგულირებს. აგრეთვე, უნდა დადგინდეს ამ ტიპის სასმელების სავალდებულო ეტიკეტირების შემოღების მიზანშეწონილობა შესაბამისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენების საფუძველზე.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ექსპერიმენტის დაწყებაზე დადგენილება 17 თებერვალს მიიღო და მას მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ მიშუსტინი აწერს ხელს. დადგენილება ძალაში 1-ლი აპრილიდან შევიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ