საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა იმერეთისა და გურიის ექვსი მუნიციპალიტეტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას. აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ადგილზე მონახულებული 6 პროექტი წარმოადგენს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის პირველი ფაზის ნაწილს, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პროექტებს:
“ევროკავშირი ზრუნავს საქართველოს რეგიონებზე. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა მთავრობას რეგიონული განვითარების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებაში და რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა აღნიშნული ძალისხმევის შედეგია. რეგიონალური განვითარების სფეროში ევროკავშირის 50-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში გამოყენებულია ადგილობრივი განვითარების ერთიან კონტექსტში განხილვის ინტეგრირებული მიდგომა და, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის თბილისიდან რეგიონულ დონეზე გადატანისა და საუკეთესო იდეების რეალიზებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად მუნიციპალიტეტების ერთმანეთისთვის კონკურენციის ხელშეწყობა. ახლა შეგვიძლია ადგილზე გავეცნოთ შედეგებს იმერეთსა და გურიაში. აქ ნანახი ინიციატივები იმედისმომცემია. მოხარული ვარ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრით და აღფრთოვანებული ვარ ამ პროგრამის მიმართ მათი ენერგიული მიდგომითა და შემართებით. მოუთმენლად ველი პირველი ფაზის ფარგლებში დანარჩენი 5 ინიციატივის მონახულებას, ისევე როგორც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში სხვა ინიციატივების გაცნობას, რომელსაც აღნიშნული პილოტური პროგრამა მხარს დაუჭერს”- აღნიშნა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა განხორციელების პროცესშია. ამჟამად პროექტების გამოცხადების პირველ ფაზაში ვართ, რომლის ფარგლებშიც ოთხ რეგიონში 11 პროექტი დაფინანსდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტების შერჩევა უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ ხდება და აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ბიზნესის წახალისებას” - თქვა მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
“გურია არის შერჩეული საპილოტე რეგიონად და ემყარება ასევე ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს სტანდარტებს. შესაბამისად, სამივე მუნიციპალიტეტი, - ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური გეგმავს, რომ შემდეგი წლისთვისაც ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალი პროექტებიც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას.”- განაცხადა გიორგი სახოკიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში.
“ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის დახმარება ამ შემთხვევაში იმერეთის მხარესთვის, რამეთუ ჩვენ უკვე ორი მილიონ ორასი ათასი ლარის მოცულობის პროექტები განვახორციელეთ და უკვე წელს იმერეთში ვგეგმავთ დაახლოებით 9 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებას, რაც თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.” - ამბობს ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში.
“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა მნიშვნელოვანი პროგრამა გახლავთ ჩვენი მუნიციპალიტეტებისათვის, იმიტომ, რომ ის გვაძლევს საშუალებას გავაძლიეროდ ფინანსურად ჩვენი ინსტიტუტები და განვახორციელოთ ახალი პროგრამები და ამავდროულად გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ჩვენი ადამიანური კაპიტალი, ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების ინტეგრირებული განვითარება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა.
რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის შესახებ
2020-2022 წლებში საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.
პროგრამას მართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ფარგლებში. გრანტების პირველი ნაწილის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია და 2020 წლის ივლისში დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 11 მუნიციპალიტეტს. მეტი პროექტი დაფინანსდება 2021 და 2022 წლებში.
რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა გულისხმობს აღმავალ, დეცენტრალიზებულ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასება და შერჩევა განხორციელდა შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.
საქართველოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.