რა ინვესტიციებთან არის დაკავშირებული მაღალი ხარისხის ხორცის წარმოება საქართველოში?

საქართველოში სამი მსხვილი ფერმა ფუნქციონირებს, რომელიც ღორის ხორცს აწარმოებს. მათ შორის არის შპს „ჩვენი ფერმა“, რომელიც 20 ადამიანს ასაქმებს.

ფერმის დამფუძნებლები ბიზნესის დაწყებამდე არაერთი გამოწვევის წინაშე იდგნენ - ცხოველთა დაავადებები, სტანდარტების დაცვა, ობიექტების ადგილმდებარეობის შერჩევა, საკვების ხარისხის კონტროლი, თუმცა საბოლოოდ, გამოწვევებს უპასუხეს და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებად იქცნენ.

რა უნდა გაითვალისწინონ იმ მცირე ფერმებმა, რომელთაც ამ საქმიანობის მსხვილ ბიზნესად ქცევა სურთ? როგორია ქართულ ბაზარზე ღორის ხორცის მიმართ მოთხოვნა და როგორ არის შესაძლებელი ბიზნესის დასაწყებად კაპიტალის მოძიება? ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ „ჩვენი ფერმის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს ნიკოლოზ სირბილაძეს ესაუბრა:

თავდაპირველად, რა გაითვალისწინეთ, როცა ბიზნესს იწყებდით? როგორ განავითარეთ ფერმა?

საქმიანობა 2017 წლის თებერვალში გურჯაანში სასუქი ფერმით დავიწყეთ. აქცენტი თავიდანვე ხარისხზე გავაკეთეთ და ფერმა თანამედროვე, ესპანური დანადგარებით დავაკომპლექტეთ. თავდაპირველად, გოჭები დანიიდან შემოგვყავდა, ვზრდიდით 110-115 კილოგრამამდე და ვყიდდით, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული: დანია-საქართველოს შორის დიდი მანძილია, ჩამოსვლას 8-10 დღე სჭირდება, რაც ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამ პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი და ვნახეთ, რომ ის გაჯერებულია უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ღორით და ადგილობრივი წარმოების ღორზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილზე დაგვეწყო გოჭების წარმოება, გაგვეკეთებინა რეპროდუქციული ფერმა. ამისათვის 2019 წელს სართიჭალაში მშენებარე ფერმა შევიძინეთ, რომელიც გერმანული თანამედროვე დანადგარებით დავაკომპლექტეთ. აღნიშნულ ფერმაში ამჟამად 350 დედა ღორი და გოჭები გვყავს, თუმცა არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ გაფართოებას.

რა მოცულობის ინვესტიციის ჩადება დაგჭირდათ და რა შეღავათებს გაძლევთ იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება?

ფერმის ინვესტიცია მთლიანად 11 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 8 მილიონი „საქართველოს ბანკმა“, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. სააგენტოს მხარდაჭერა გულისხმობს სესხის პროცენტის თანადაფინანსებას და კომპანიას საშუალება აქვს, ისარგებლოს 2-3 პროცენტიანი სესხით, ასეთმა ფინანსურმა მხარდაჭერამ მოგვეცა რეალური შესაძლებლობა მიგვეღო გადაწყვეტილება, 450 დედა ღორის დამატებით შესყიდვაზე, რათა მოვახდინოთ მთლიანი სულადობის გაზრდა 350- დან 800 დედა ღორამდე.

დედა ღორების რაოდენობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს, გავაორმაგოთ გოჭების წარმოება და წელიწადში 20-24 ათასი ღორი გავყიდოთ. გაფართოებისთვის საჭირო სამშენებლო პროცესები უკვე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან წარმოებას 2-ჯერ გავზრდით. წარმოების მაღალი ხარისხის ხარჯზე წარმატებით ვინარჩუნებთ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ ბაზარზე.

რამდენად კონკურენტულია ადგილზე გაზრდილი გოჭისა და ღორის ხორცი იმპორტირებულთან შედარებით?

ჩვენ მიერ მოწვეული დანიელი და ჰოლანდიელი კონსულტანტების მეთვალყურეობით ფერმებში დასაქმებული უკრაინელი სპეციალისტები განუხრელად იცავენ როგორც ბიოუსაფრთხოების, ასევე კვებისა და ღორების მოვლის ევროპულ სტანდარტებს. ყოველივე ეს განაპირობებს საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს და უვნებლობას.

მოწვეული სპეციალისტების რეკომენდაციითა და ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ფერმები სხვადასხვა ადგილზე არის განლაგებული, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევისას, ფუნქციონირების სრული შეწყვეტისგან გვაზღვევს.

ჩვენ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვახორციელებთ საქმიანობას, რაც ევროპული რეგულაციების შესაბამისად, როგორც პერსონალის ასევე პირუტყვის მკაცრ სამედიცინო შემოწმებას გულისხმობს. ამასთან, ადგილზე წარმოებით დაზოგილი ხარჯები ისევ ბიზნესის განვითარებას ხმარდება, რაც დადებითაც აისახება ჩვენს საქმიანობაზე. მინდა აღვნიშნო რომ საქართველოში მეღორეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანიის ბაზაზე, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილი გვაქვს მცირე ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარება, რათა საერთაშორისო გამოცდილებასა და ბიოუსაფრთხოებაზე ჰქონდეთ წვდომა.

როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე არიან პატარა ფერმების მფლობელები, რომელთაც გაფართოება და მსხვილი ბიზნესის დაწყება სურთ?

სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული მიმართულება არ არის საკმარისად განვითარებული. ჩვენ გარდა სულ 2 მსხვილი ფერმა ფუნქციონირებს, რომლებიც თვითონ ახდენენ რეპროდუქციას, გოჭების წარმოებას.

სფეროს ერთ-ერთი გამოწვევა ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებია; აფრიკული ჭირი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მისი პრევენციისთვის კი ვაქცინა არ არსებობს. თუ ეს დაავადება გაჩნდა, ფაქტობრივად, მთლიანად იხოცება პირუტყვი. შესაბამისად, მან, ვისაც ფერმაში ინვესტიციის ჩადება აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად უნდა იცოდეს თუ როგორ აირიდოს თავიდან ინფექციის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი ადამიანების დაუდევრობა და ბიოუსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაა.

თქვენ როგორ ახერხებთ აღნიშნული რისკის - აფრიკული ჭირის თავიდან არიდებას?

პირველ რიგში, დაავადებისგან თავის ასარიდებლად საჭიროა ბიოუსაფრთხოების მკაცრად დაცვა. ჩვენ აღნიშნული საკითხები ევროპული სტანდარტების მიხედვით გვაქვს მოწესრიგებული. ფერმის ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა დაუშვებელია; ორი ზონა გვაქვს, წითელი და მწვანე, სადაც პერსონალის გარდა არავინ გადაადგილდება. ისინი კი ფერმაში ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით შედიან: მწვანე ზონაში შესვლის წინ იღებენ შხაპს, იკეთებენ დეზინფექციას, გადიან დეზობარიერს, აუცილებლად ატარებენ პირბადეს, ყოველდღე იცვლიან სამუშაო ფორმას და ა.შ. გამოსვლის შემდეგაც, იმავე პროცედურებს გადიან. შესაბამისად, ცხოველებს ფაქტობრივად, მომვლელების გარდა არავისთან არა აქვთ კონტაქტი. მაქსიმალური კონტროლი გვაძლევს შედეგს - დაავადების გავრცელებას თავიდან ვირიდებთ.

როგორც აღნიშნეთ, ადგილზე ფერმაში წარმოებული გოჭები და დანიური ჯიშის დედა ღორები გყავთ. საინტერესოა, რა განსხვავებაა მათსა და ქართული ჯიშის ღორს შორის?

ქართული ჯიშის ღორი საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით არის დარჩენილი. ზოგადად, დანია მსოფლიოში ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელია. არსებობს ასეთი ჯიშის ღორი - დანბრედი, რომელსაც აქვს დაბალი ცხიმიანობა, ქართულთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება, მეტ გოჭს აჩენს და სპეციალურად კომერციული მიზნებისთვის არის გამოყვანილი.

ქართულ ღორთან შედარებით მისი უპირატესობა არის ისიც, რომ შედარებით დიდი ზომისაა.

ვინც ახლა არის დაინტერესებული ამ ბიზნესით, რა რჩევებს მისცემდით მას?

ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშნულ საქმიანობაში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვაა. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა - ღორის ქუჩაში გაშვება და შემდეგ აღარ გაკონტროლება თუ რითი იკვებება - დაავადებების გამოწვევი შეიძლება გახდეს. ღორი ნარჩენებს არ უნდა გაეკაროს, რადგან ეს ძალიან სარისკოა. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა აღნიშნული პრაქტიკა აღმოფხვრან.

რაც შეეხება ხარჯებს, თუ თქვენი საქმიანობა მცირე ფერმით შემოიფარგლება, ფინანსების მოძიება უფრო ადვილია, თუმცა თუკი გსურთ, რომ მსხვილი ბიზნესი გქონდეთ, ამას საკმაოდ დიდი ინვესტიციები და საბანკო კაპიტალი სჭირდება.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას ხომ არ გეგმავთ?

ვაპირებთ, ავაშენოთ ჩვენივე წარმოების თანამედროვე საკვების ქარხანა, რადგან ხარისხიანი საკვები ჩვენს საქმეში უმნიშვნელოვანესია. პროექტის დასრულების შემდეგ კახეთის რეგიონში მდებარე ქარხნის წარმადობა, საათში 10 ტონა საკვები იქნება. პროდუქციის 50%-ს ჩვენი ფერმისთვის გამოვიყენებთ, ხოლო დანარჩენს სარეალიზაციოდ გავიტანთ. ასორტიმენტი მრავალფეროვანი იქნება: ქათმის, საქონლის, თევზის და ბოცვრის მაღალი ხარისხის კომბინირებული საკვები.