დიმიტრი ქუმსიშვილი: უნდა ველოდოთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.85 – 1.80 იქნება

”როდესაც ტრენდი შაბათ-კვირას შემოტრიალდა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა”

უნდა ველოდოთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.85 – 1.80 იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. "როდესაც კურსი არის აღმავალი და შაბათ-კვირა ემთხვევა, როგორც წესი, კიდევ უფრო მძაფრდება ხოლმე ეს ტრენდი. შესაბამისად, როდესაც ტრენდი შაბათ-კვირას შემოტრიალდა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა. სავარაუდოდ, ჩვენ უნდა ველოდოთ 1.85-თან, 1.80-სთან მიახლოებული დოლარის კურსს", - განაცხადა ქუმსიშვილმა