როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ბოლო 3 თვის განმავლობაში მილიარდერის ქონება 120 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის 10 იანვარს, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა, მისი ქონება 5,70 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი 5,82 მლრდ დოლარის მფლობელია. რეიტინგში ის 474-ე პოზიციას იკავებს.

Bloomberg-ს ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, დღეის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 583-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადება 2021 წლის 11 იანვარს გაავრცელა.

"მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები", - აღნიშნული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.