„მომხმარებლებმა ფულის დაზოგვა დაიწყეს“ - პანდემიამ ეგზოტიკურ პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა

პანდემიამ ეგზოტიკურ პროდუქტებზე მოთხოვნა შეამცირა. ამის შესახებ "ლოლაძეების ფერმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. საუბარია კივანოზე, მინი კივზე, ოკრასა და პეპინოზე, რომელსაც „ლოლაძეების ფერმა“ ლაგოდეხში აწარმოებს.

როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს, პროდუქციით ძირითადად უცხოელი ვიზიტორები ინტერესდებოდნენ, გაჩერებული ტურიზმის პირობებში კი, ეგზოტიკური პროდუქტების ნაწილი, კერძოდ, მინი კივი, სრულად ვერ გაიყიდა. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის გამო სავარაუდოდ, ადგილობრივმა მომხმარებლებმაც „ფულის დაზოგვა დაიწყეს“.

შეგახსენებთ, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ეს არის მამის და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ეგზოტიკურ პროდუქტებს, კერძოდ, კივანოს, მინი კივს, პეპინოსა და ოკრას სთავაზობენ. კომპანიამ გასულ წელს შავი სიმინდის წარმოებაც დაიწყო.

„კორონავირუსმა დიდი გავლენა იქონია ჩვენზეც. კერძოდ, პანდემიამ ეგზოტიკურ პროდუქტების მიმართ მოთხოვნა ძალიან შეამცირა. როგორც იცით, აღნიშნული ხილი ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლილი, კორონავირუსის გამო კი, გასულ სეზონზე, ფაქტობრივად, არ გვყოლია უცხოელი ვიზიტორები. მხოლოდ ადგილობრივი გაყიდვები იყო. შედეგად, ზაფხულში გარკვეული რაოდენობა გაიყიდა, უკვე შემოდგომაზე, როდესაც პანდემია გაიწელა, როგორც ჩანს, მომხმარებლებმა ფულის დაზოგვა დაიწყეს და ჩვენი გაყიდვებიც შემცირდა. მაგალითად, მინი კივი, ფაქტობრივად, უმნიშვნელო რაოდენობა გაიყიდა. კივანო გაიყიდა უფრო მეტი, პეპინოს კომერციული მოსავალი ვერ მივიღეთ, რაც შეეხება ოკრას, მცირე რაოდენობა ვაწარმოეთ და დიაბეტით დაავდებული ადამიანები უფრო მოიხმარდნენ“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ქვეყანას ტურისტული სეზონი არც მიმდინარე წელს ექნება, შესაბამისად, „ლოლაძეების ფერმა“ ერთწლოვანი კულტურების შემცირებას გეგმავს.

„ახალი პროდუქტებზე სულ ვმუშაობთ, ეს ერთგვარი გატაცებაა ჩვენთვის. თუმცა, წელს ერთწლოვან კულტურებს ვამცირებთ, რადგან როგორც ჩანს, წელსაც არ იქნება ტურისტული სეზონი. ვგულისხმობ, კივანოს, ოკრას და პეპინოს. რაც შეეხება მინი კივს, შედარებით დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ და შესაძლოა გადამუშავებული, კერძოდ, ჩირის სახით მივაწოდოთ ბაზარს“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.

ნინი ქეთელაური