Pew Research - მსოფლიო საშუალო ფენა 54 მლნ ადამიანით შემცირდა

კვლევითი ორგანიზაცია Pew Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოში რეკორდული უარყოფითი გავლენა საშუალო ფენაზე იქონია. მკვლევარების გამოთვლებით, მსოფლიო საშუალო ფენა 54 მლნ ადამიანით შემცირდა.

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, შემოსავლების მიხედვით მოსახლეობა 5 ფენად იყოფა: ღარიბები (დღიური 2$-იანი შემოსავლით), დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფი (დღიური 2$-10$-იანი შემოსავლით), საშუალო შემოსავლის მქონე ჯგუფი (დღიური 10$-20$-იანი შემოსავლით), საშუალოზე მეტი შემოსავლის მქონე (დღიური 20$-50$-იანი შემოსავლით) და მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფი (დღეში 50$-ზე მეტი შემოსავლით).

განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე აქტიურად მაღალი შემოსავლების ფენა შემცირდა. გასულ წელს ეს ფენა 47 მლნ-ზე ნაკლებ ადამიანს შეადგენდა, ხოლო საშუალო ფენა ყველაზე მკვეთრად სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის, აგრეთვე, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში შემცირდა. ამ მხრივ მსოფლიო ლიდერი ინდოეთია, სადაც საშუალო ფენას 32 მლნ ადამიანი გამოაკლდა. მეტიც, ეს ადამიანები საშუალოზე დაბალი შემოსავლის კი არა, პირდაპირ ღარიბთა ჯგუფში გადავიდნენ. ამდენად, გასულ წელს ინდოეთის ღარიბთა ფენა 75 მლნ-დან 134 მლნ ადამიანამდე გიზარდა. პანდემიის მშობლიურ ჩინეთში მოსახლეობა ასე მასშტაბურად არ გაღარიბებულა. საშუალოზე მეტი შემოსავლების მქონე ფენა 18 მლნ-ით, საშუალო ფენა კი - 10 მლნ ადამიანით შემცირდა. საშუალოზე დაბალი მქონე ადამიანების რაოდენობა ჩინეთში 30 მლნ ადამიანით გაიზარდა, ღარიბების კი - მხოლოდ 1 მლნ-ით.

Pew Research-ის კვლევით, მოსახლეობის სხვა კატეგორიების მსოფლიო დინამიკა ასეთია: მაღალი შემოსავლების ფენა 62 მლნ-ით, საშუალოზე მეტი შემოსავლების ფენა კი 36 მლნ ადამიანით შემცირდა. საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 21 მლნ-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მოსახლეობის კეთილდღეობის დონის შარშანდელი დაცემა კეთილდღეობის 10-წლიანი მზარდი დინამიკის შემდეგ მოხდა. 2011-2019 წლებში მსოფლიო საშუალო ფენა 899 მლნ-დან 1,34 მლრდ ადამიანამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ღარიბების რაოდენობა 1,1 მლრდ-დან 691 მლნ-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წელს მსოფლიოში ღარიბთა ფენა 131 მლნ ადამიანით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ