პანდემიის გამო აშშ-ში კეტჩუპის დეფიციტია

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწებელი - კეტჩუპი დეფიციტშია. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. პანდემიის გაჩენიდან კეტჩუპის გაყიდვები 300%-ით გაიზარდა, რამაც ბაზარზე მისი დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებით დეფიციტურია კეტჩუპის ერთჯერადი პაკეტები, რომლებსაც, ძირითადად, სწრაფი კვების ქსელში იყენებენ. კეტჩუპის უფრო დიდ ბოთლებზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა. რაკი პანდემიის გამო ამერიკელები საკვებს ადგილზე კი არ მიირთმევდნენ, არამედ თან მიქონდათ, კეტჩუპზე მოთხოვნამ მომარაგებულ რაოდენობას მკვეთრად გადააჭარბა.

აშშ-ს სავაჭრო ქსელის 70%-ს კეტჩუპით კომპანია Kraft Heinz ამარაგებს. კომპანიის წარმომადგენელი სტივ კორნელი აცხადებს, რომ კეტჩუპის წარმოებაში სტრატეგიული ინვესტიცია პანდემიის დაწყებისთანავე განახორციელეს, რომ არ ჩამორჩენილიყვნენ კეტჩუპის პაკეტებზე მზარდ მოთხოვნას, რაც მიწოდების სერვისითა და „თან წაღების“ ტენდენციებით იყო გამოწვეული.

„კომპანია ახლაც ცდილობს მზარდი მოთხოვნის ტემპს დაეწიოს და აპირებს, საწარმოს სიმძლავრე 25%-ით გაზარდოს, რაც 12 მლრდ პაკეტის წარმოების საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს სტივ კორნელი.

გაზრდილმა მოთხოვნამ ფასების 13%-მდე ზრდაც გამოიწვია, რის გამოც კვების ობიექტებში კეტჩუპს დიდი ბოთლიდან მცირე კონტეინერებში ასხამენ და ისე ყიდიან.

სწრაფი კვების რესტორნების ქსელ Long John Silver's-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნის გამო კეტჩუპზე ხარჯი 500 ათასი დოლარით გაზარდეს. მეორე ასეთ ქსელ Texas Roadhouse steakhouse-ში აცხადებენ, რომ 2020 წელს 55 მილიონი უნცია კეტჩუპი გამოიყენეს.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში რამდენიმე პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდის, ხორცის, საცხობი პროდუქტებისა და მაცივრებისაც კი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ