საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „საქსტატიდან“ იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს „საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ ხელი მოაწერეს.
გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები უწყებაში სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. რაც მათ ცოდნის გაღრმავებაში და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებთან მსგავსი სახის თანამშრომლობა.
მისი თქმით, ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას „საქსტატის“ საქმიანობაში, ხოლო მეორეს მხრივ, უწყებას საშუალება ეძლევა გამორჩეულ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივა შეუქმნას.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დირექტორის თამარ სულუხიას თქმით, „ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ „საქსტატთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას იმაზე, რომ ISET-ის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ეკონომისტები მნიშვნელოვანი რესურსია და საქსტატი უფრო აქტიურად ჩაერთვება მათთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფაში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და საქსტატი კი ითანამშრომლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ISET-ის სახელით მადლობას ვუხდი საქსტატს ასეთი პროგრესული მიდგომისათვის.
მემორენდუმის მიზანია, მხარეების ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით, ხელი შეუწყოს სტუდენტების კვალიფაკაციის ამაღლებას და სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე განხორციელდება სამეცნიერო-კვლევით სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებს, აკადემიურ პერსონალსა და საქსტატის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.