ამერიკული სავაჭრო კომპანიები Amazon-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ამერიკული მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები ქმნიან კოალიციას იმისთვის, რომ გამკაცრდეს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. კომპანიების გათვლით, უფრო მკაცრი კანონები საცალო ვაჭრობის სფეროში აიძულებს Amazon-ს, შეცვალოს მისი ცალკეული ბიზნეს-მიმართულებები - წერს The Wall Street Journal.

კოალიციაში შევიდნენ მცირე მაღაზიები, საოფისე მიმწოდებლები, წიგნით მოვაჭრენი, ფარმაცევტული პრეპარატების მწამროებლები ამერიკის 12 ქალაქიდან. მათი ძირითადი მოთხოვნაა, აეკრძალოს დომინანტ ინტერნეტ-პლატფორმებს საკუთარი წარმოების პროდუქციის გაყიდვა სხვა კომპანიების ნაწარმთან ერთად. ეს ხელს შეუწყობდა Amazon-ის ბიზნესის განცალკევებას პროდუქციის წარმოებასა და რეალიზებას შორის და დასწევდა კომპანიის გავლენას ბაზარზე.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ისეთი კომპანიების დომინანტურმა როლმა როგორიცაა Amazon, კოალიციის მიზნების ფორმირებას შეუწყო ხელი. ბრძოლა მსხვილი კორპორაციების გავლენების წინააღმდეგ სხვადასხვა ბაზრებზე უკვე წლებია გრძელდება, თუმცა შესაბამისი კანონპროექტი ამ დრომდე არ არის მიღებული.

თავად IT-გიგანტმა ამ განცხადებას კრიტიკით უპასუხა და აღნიშნა, რომ თავისუფალ ბაზარში ჩარევა მხოლოდ უარეს შედეგს გამოიღებს: ეს შეამცირებს მომხარებელთა უფლებებს, ნეგატიურად აისახება დამოუკიდებელ რითეილერებზე და ხელს შეუწყობს მცირე კომპანიების გასვლას მსხვილი პლატფორმებიდან. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი აისახება ფასების ზრდაზე და შეამცირებს მომხმარებლების არჩევანს.

კოკა კვირკველია