საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და მოხმარება იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,53 ათასი ტონა, რაც 0,34 ათასი ტონით ანუ 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (1,19 ათასი ტონა) შედარებით და 0,45 ათასი ტონით ანუ 41,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,08 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (15,7%); ირანი - 0,23 ათასი ტონა (15,0%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,8%) და სხვ.

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 3,79 ათასი ტონა, რაც 0,44 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,23 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,64 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,48 ათასი ტონა (12,7%); გერმანია - 0,43 ათასი ტონა (11,3%); ირანი - 0,43 ათასი ტონა (11,3%) და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, პანდემიის გავლენა პროდუქციის მოხმარებაზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. თუმცა სახეზე მაინც გვაქვს პოზიტიური დინამიკა მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, მომავალ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის სრულყოფილმა აღდგენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ის კვლავინდებურად გამოჩნდა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში.