60 თეთრი პიკაპი მთავრობას შესაძლოა, „ჯი-თი მოტორს-მა“ მიაწოდოს

60 თეთრი პიკაპი მთავრობას შესაძლოა, კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ მიაწოდოს.

სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 2 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5,893 მლნ ლარია.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „ჯი-თი მოტორს-მა“ წარადგინა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 5,864 მლნ ლარს შეადგენს. იმის გამო, რომ ტენდერი დაფარული მონაცემებით არის გამოცხადებული, მხოლოდ ყველაზე დაბალფასიანი მონაწილე ჩანს. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვაში. შერჩევა-შეფასების ეტაპზე მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და ტექნიკური დოკუმენტაცია ხდება საჯარო წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში.

ცნობისათვის, სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ „ჯი თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე ლურჯი მიკროავტობუსებიც.

„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33% გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.