გერმანული გაზეთი Die Welt წერს, რომ ბანანის ყველაზე გაყიდვად ჯიშს მეტად დამაზიანებელი სოკოს დაავადება გაუჩნდა. დაავადება Tropical Race 4 (TR4) სახელით არის ცნობილი და პირველად 25 წლის წინათ ტაივანში აღმოაჩინეს.
TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. ის ჯერ აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია. კოლუმბიასა და ჰონდურასში პირველი პლანტაციები უკვე დაიკეტა. TR4 სოკოს მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა.
აღსანიშნავია, რომ ხილის ხელახლა მოსაყვანად დაავადებული ფართობის გამოყენება 30-40 წლის განმავლობაში არ შეიძლება. თუმცა ერთადერთი იმედი მაინც გაჩნდა: ავსტრალიელმა ბიოტექნოლოგმა ჯეიმს დეილმა მსოფლიო ვაჭრობაში ყველაზე გავრცელებული ჯიშის, Cavendish- ბანანის გენმოდიფიცირებული სახეობა შექმნა, რომელიც TR4 სოკოზე არ რეაგირებს და დაავადების საფრთხე არ ემუქრება. მას შემდეგ ბანანის ინდუსტრიის ბიზნესმენები აპირებენ თანხები მიმართონ ბანანის ამ რეზისტენტული და არაგენმოდიფიცირებული ჯიშის გამოსაყვანად. თუმცა ასეთი ჯიშის გამოყვანას წლები დასჭირდება, დრო კი ბიზნესის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან TR4 სოკო, პირველ რიგში, Cavendish- ბანანის სახეობას ემტერება. Cavendish- ბანანზე მსოფლიო გაყიდვების 95% მოდის.
აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში მსოფლიო ბაზარი Gros Michel-ის ჯიშის ბანანს ეკავა, რომელიც Cavendish-ის ჯიშს გაცილებით სჯობდა. ის უფრო დიდი, ტკბილი და არომატული იყო. თუმცა შემდგომში Gros Michel-ბანანი TR1 სოკომ მოსპო, რომელიც TR4 სოკოს დაავადების ახლო ნათესავია. დღეისთვის Gros Michel-ის ჯიშის ბანანი თითქმის აღარ არსებობს.
აზიის, აფრიკისა და ამერიკის ეკვატორული ქვეყნებიდან ექსპორტზე ბანანის მსოფლიო მოსავლის 15% გადის. ბანანის მსოფლიო მოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 114 მლნ ტონაა. მსოფლიო ვაჭრობაში ბანანის წილი 30 მილიარდზე მეტ ევროდ არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ