„სატანურ ფეხსაცმელს“ უკან ამოყიდიან, Nike კი კომპენსაციას მიიღებს

სასამართლო დავის შედეგად კომპანია Nike და MSCHF Product Studio შეთანხმდნენ, რომ MSCHF „სატანურ ფეხსაცმელს“ უკან ამოყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

MSCHF დათანხმდა, გაყიდული სპროტული ფეხსაცმელი მომხმარებლებისგან საცალო ფასად ამოყიდოს. Nike-ის სარჩელის მიხედვით, MSCHF Product Studio-ს სპორტული ფეხსაცმლის მსგავსი მოდიფიცირების უფლება არ ჰქონდა. საუბარია მოდელ Nike Air Max 97-ზე, რომელიც კრეატიულმა კომპანიამ „სატანური ფეხსაცმლის“ მოდიფიკაციით გამოუშვა და გაყიდა.

„თუ მყიდველებს სურვილი ექნებათ, დააბრუნონ ნაყიდი ფეხსაცმელი, ჩვენ მას დავიბრუნებთ თანხის სრულად ანაზღაურებით,“ - აცხადებენ MSCHF Product Studio-ში. ამასთან, Nike მიიღებს ფულად კომპენსაციას, რომლის ოდენობა არ სახელდება.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ სპორტული სამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike-ის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ ბრუკლინულ კომპანია MSCHF Product Studio-ს ე.წ. სატანური ფეხსაცმლის გაყიდვა აუკრძალა. როგორც ცნობილია, კრეატიულმა კომპანია MSCHF Product Studio-მ ამერიკელ რეპერ Lil Nas X-თან თანამშრომლობით Nike Air Max 97 ბოტასის მოდელზე ინდივიდუალიზირებული ვერსია შექმნა და მას „სატანური ფეხსაცმელი“ უწოდა. Nike-ში აცხადებდნენ, რომ MSCHF Product Studio-მ ეს Nike-ისგან არასანქცირებულად გააკეთა და კომპანიას „სატანურ ფეხსაცმელთან“ საერთო არაფერი ჰქონდა.

Nike Air Max 97-ს ბოტასის ახალი ვერსია სახელწოდებით „სატანური ფეხსაცმელი“ სპეციალურად ე.წ. ბიბლიური მხეცის ნიშნის რაოდენობით - 666 წყვილი გამოუშვეს. დიზაინი შავ-წითელი ფერებითაა გადაწყვეტილი. MSCHF Product Studio-ში ამტკიცებდნენ, რომ „სატანური ფეხსაცმლის“ ძირების შემადგენლობა წითელი საღებავის გარდა, ადამიანური სისხლის წვეთსაც შეიცავს. გარდა ამისა, ბოტასზე გაკეთებულია მინაწერი „Luke 10:18“, რაც მიანიშნებს ლუკას სახარების მე-18 იგავის შემდეგ სიტყვებზე: „ვუყურებდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ზეციდან“. პროდუქტის ფასიც - 1018 დოლარი სწორედ ამ ციფრებისგან არის შედგენილი.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით MSCHF Product Studio-ში აცხადებდნენ, რომ გაყიდვების აკრძალვაზე განაჩენის გამოტანა აუცილებელი არ იყო, რადგან „სატანური ფეხსაცმლის“ 666-ვე წყვილი უკვე გაყიდულია და კომპანია დამატებითი რაოდენობის ბოტასის დამზადებას აღარ აპირებს.

კოკა კვირკველია