სოკოს დაავადებამ ბანანი შესაძლოა, მსოფლიო ბაზრიდან გააქროს.
გერმანული გაზეთი Die Welt წერს, რომ ბანანის ყველაზე გაყიდვად ჯიშს მეტად დამაზიანებელი სოკოს დაავადება გაუჩნდა. დაავადება Tropical Race 4 (TR4) სახელით არის ცნობილი და პირველად 25 წლის წინათ ტაივანში აღმოაჩინეს.
TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. ის ჯერ აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია. კოლუმბიასა და ჰონდურასში პირველი პლანტაციები უკვე დაიკეტა. TR4 სოკოს მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბანანი იმპორტი შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ჯამში, 3 007 800 აშშ დოლარის ბანანი შემოვიდა. მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 3 455 700 დოლარი იყო.
ბანანის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ეკვადორი, საიდანაც, 2 792 100 აშშ დოლარის ბანანი შემოვიდა; მას მოსდევს - თურქეთი- 211 900 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ნიდერლანდი - 2 400 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საბერძნეთი და ნიგერია იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 1 200 და 200 დოლარის ბანანის იმპორტი განხორციელდა.