როდის დაუბრუნდება ბათუმში ბინების გაყიდვები კრიზისამდელ დონეს- TBC Capital-ის პროგნოზი

TBC Capital-მა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა კორონავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ბათუმში ბინების 7 500 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების შემცირება ბათუმში 2021 წელსაც გაგრძელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში ტრანზაქციები 41%-ით, ხოლო თებერვალში 21%-ით შემცირდა.

სექტორის ასეთი რთული მდგომარეობის ფონზე TBC Capital-ი პროგნოზირებს, რომ ბათუმში ბინების გაყიდვების დონე კრიზისამდე არსებულ დონეს, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება. პროგნოზის მთავარი დაშვება არის ის, რომ მომავალ წელს ტურიზმი გარკვეულწილად აღდგენას მოახერხებს, ხოლო უცხოელების მხრიდან ბათუმში არსებულ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ინტერესი გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ TBC Capital-ის პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმი საქართველოში 90%-ით აღდგება.

ნოდარ სირბილაძე