გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. Eurowings-ი, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.
ირკვევა, რომ Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ავიაკომპანიის საიტზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაბილეთები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) იძებნება. ავიაბილეთების ღირებულება 69.99 ევროდანაა.
ერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.
2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.
წყარო: avianews.ge