„2020 წელს სექტორმა ორმაგი დარტყმა მიიღო – ყველაზე მეტად დაზარალდნენ ფიზიკური პირები, ვინც ვაჭრობენ ავტომობილებით“ , - ამის შესახებ “გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა თათია მამრიკიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ავტო-ბიზნესზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სექტორს რეექსპორტში 45%-იანი კლება ჰქონდა, რაც განპირობებული იყო პანდემიით, ასევე, სომხეთისა და ყირგიზეთის ბაზრების დაკეტვით.
„2020 წელს სექტორმა ორმაგი დარტყმა მიიღო. პანდემიასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი გავლენა იყო სომხეთისა და ყირგიზეთის ფაქტორი. მოგეხსენებათ, რომ ეს ქვეყნები ევრაზიული კავშირის წევრები არიან და 2020 წლის იანვრიდან ორივეს უწევდა გადასახადის გაზრდა ავტომობილებზე. წლების განმავლობაში სომხეთი ჩვენთვის იყო წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, ანუ ჩვენგან რეექსპორტირებული მანქანების ნახევარზე მეტი სწორედ ამ ქვეყანაში გადიოდა. 2020 წლის იანვრიდან, რაც სომხეთი და ყირგიზეთი ჩაიკეტა ჩვენთვის, ამან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რეექსპორტს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პანდემიას ჰქონდა თავისი გავლენები, ჩაკეტილი იყო ბაზრობები. მოგეხსენებათ, რომ რუსთავის ავტობაზრობა რეგიონში არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო ობიექტი, მეორადი ავტომობილების ვაჭრობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ ორმაგი დარტყმით სექტორმა მიიღო ის, რომ რეექსპორტში 2020 წელს გვქონდა 45%-ანი კლება“,- განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.
კითხვაზე, სომხეთისა და ყირგიზეთის ბაზრების ჩაკეტვის პარალელურად, რამდენად მოახერხა სექტორმა ბაზრის დივერსიფიკაცია, “გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს დაემატა უკრაინა. შესაბამისად, ამ დროისთვის, ავტოდილერები ძირითადად აზერბაიჯანსა და უკრაინაზე არიან ორიენტირებულნი.
„ბაზრის წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 2020 წლის იანვრიდან სომხეთში უნდა გაზრდილიყო გადასახადები და ეს ბაზარი პრაქტიკულად ჩაიკეტებოდა ჩვენთვის. ეს მაშინ, როდესაც საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში ძირითადად იყო სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, ბოლო წლებში გამოჩნდა უკრაინა, როგორც ერთ -ერთი წამყვანი საექსპორტო ბაზარი. სხვათაშორის 2020 წელს უკრაინაში გვქონდა მცირედი მატება (1%-იანი) რეექსპორტის თვალსაზრისით, 81 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე. ამ ეტაპზე ჩვენი ავტოდილერები ყველაზე მეტად კონცენტრებულები არიან აზერბაიჯანის და უკრაინის ბაზრებზე“,- განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.
მისი თქმით, 2020 წელს ავტომობილების დიდ ნაწილზე ფასები შემცირდა. გარკვეულ მოდელების გაძვირებას კი ავტოდილერები აუქციონზე ფასების მომატებით ხსნიან.
ამასთან, თათია მამრიკიშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ფიზიკური პირები დაზარალდნენ, ვინც ავტომობილებს ბაზრობაზე ყიდდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ რეექსპორტი იყო შეზღუდული და ადგილობრივი მოთხოვნა შემცირებული, ფასები შედარებით შემცირდა, საშუალოდ, 5%-იანი კლება გვქონდა. თუმცა, ზოგ მოდელებში პირიქით, გაიზარდა, რასაც თვითონ ავტოდილერები იმით ხსნიან, რომ ავტო აუქციონებზე გაიზარდა ფასები.
2020 წლის რეექსპორტს რომ შევხედოთ, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ფიზიკური პირები, ვინც ვაჭრობენ ავტომობილებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ათასობით ადამიანია ჩართული ამ ბიზნესში და შეიძლება ეს მათთვის შემოსავალის ერთადერთი წყაროც კი არის“,- განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.
კითხვაზე, როდის დაუბრუნდება სექტორი პანდემიამდე არსებულ ვითარებას, “გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ პანდემიური ვითარება არ გართულდა, სავარაუდოდ, ეს 2021 წელს შესაძლებელი იქნება.
„ვფიქრობ, რომ 2021 წელს სექტორი შეიძლება დაუბრუნდეს 2019 წლამდე არსებულ მაჩვენებელს, თუ რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოსა და რეგიონში იქნება სტაბილური“,- განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.