არალეგალური კონკურენციის გამო განახევრებული მგზავრთნაკადი - რას ითხოვს „დიდუბის ავტოსადგური“ მთავრობისგან

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 50%-ით შეგვიმცირდა“ - ამის შესახებ ,,ბიზნსპრესნიუსთან“ საუბრისას დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაზარდილია საწვავის ფასი, არალეგალური კონკურენციის გამო, მგზავრობის ფასს ვერ ზრდიან.

,,პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი განახევრებულია. 50%-ით შეგვიმცირდა. შედარებით მატებაა ბოლო ათი დღის განმავლობაში, რაც გაჩნდა საშიშროება და რეალური საფრთხე, რომ შეიძლება ისე ჩავიკეტოთ მესამე ტალღის გამო.

3-თვიანი გაჩერების შემდეგ, როცა თებერვლის ბოლოს მუშაობა განვაახლეთ, იძულებულები გავხდით მძღოლების მოთხოვნიდან გამომდინარე ფასები 10%-ით გაგვეზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლარის გაუფასურებამ საწვავის ფასის ნახტომისებური ზრდა გამოიწვია, ფასს ვერ ვზრდით, რადგან დიდია არალეგალური კონკურენცია ე.წ. ხიშნიკების მხრიდან, რომლებიც ავტოსადგურის მიმდებარედ დგანან. ფასი ამის გამო, არ გაზრდილა არცერთი მიმართულებით.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, მათ არც სახელმწიფოს არც ბიუჯეტის მიმართ და არავის მიმართ არ აქვს არავითარი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, შეუძლიათ გადაადგილდნენ ჩვენზე დაბალი ტარიფით.

პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა სადაც ეწერება, რა არის სანებართვო სისტემა მგზავრთგადაყვანისათვის, ყველას აქვს უფლება გადაიყვანოს მგზავრი. მე შემიძლია გაჩვენოთ 2015-დან 2021-წლამდე გაგზავნილი წერილები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, საიდანაც ერთადერთი პასუხი მოგვდის, რომ მომზადებულია კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. რეალურად კი ამ კუთხით, ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა“-, განაცხადა მიქატაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 3 თვიანი გაჩერების შემდეგ, საქალაქთაშორისო გადაადგილება 25 თებერვალს აღდგა. მაშინ ავტოსადგურები ბაზარს გაზრდილი ტარიფებით დაუბრუნდნენ. ფასები სხვადასხვა მიმართულებებზე 3-5 ლარის ფარგლებში გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი