საქართველოს ბაზარზე მექსიკური ტორტილები გამოჩნდება, პროდუქტი ადგილობრივი შავი სიმინდით დამზადდება. ამის შესახებ "ლოლაძეების ფერმის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ტორტილა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, ზაფხულიდან, ონლაინ გამოძახებით იქნება.
ცნობისთვის, „ლოლაძეების ფერმამ“ მექსიკური თეთრი და შავი სიმინდის წარმოება საცდელად გასულ წელს დაიწყო. როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს, საქართველოს პირობებში თეთრმა სიმინდმა არ გაამართლა. თუმცა, შავი სიმინდის გარკვეული მარაგი უკვე არის. ამჟამად „ლოლაძეების ფერმა“ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ კომპანისთან აწარმოებს, რომელიც შავი სიმინდისგან მექსიკურ ტორტილებს დაამზადებს.
ლაშა ლოლაძის ინფორმაციით, შავი სიმინდი არის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი, რადგან ის ყოველგვარი ჰიბრიდიზაციის გარეშე, ბუნებრივად იწარმოება.
„შედეგი უკვე გვაქვს და შავი სიმინდის გარკვეული რაოდენობაც მივიღეთ. თუმცა, მისი რეალიზაცია არ დაგვიწყია, რადგან გვინდა, რომ ტორტილისთვის გამოვიყენოთ. კერძოდ, ამ სიმინდისგან მზადდება მექსიკური ტორტილა, რაც იქაურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც პროდუქტს დაამზადებს. ადგილობრივ ბაზარზე ტორტილები სავარაუდოდ, ზაფხულიდან გამოჩნდება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც „გლოვოზე“, ისე სხვა გამოძახების საშუალებით.
ზოგადად, შავი სიმინდის მოსავლიანობა არის მცირე, რადგან ის არ არის ჰიბრიდი. ამ ჯიშის გამოსაყვანად არანაირი ხელოვნური ჩარევა არ მომხდარა. ეს არის სახეობა, რომელიც ბუნებრივად იყო მექსიკაში და საკმაოდ მცირე რაოდენობით მოდის, შესაბამისად, მისი თვითღირებულება საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ სხვა ყველა სიმინდი ჰიბრიდულია, მხოლოდ მექსიკაა, რომელიც პირველადი სახით აწარმოებს. რაც შეეხება თეთრ სიმინდს, ჩვენს პირობებში სამწუხაროდ, არ გაამართლა“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.
შეგახსენებთ, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ლაგოდეხში მდებარეობს. ეს არის მამის და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ეგზოტიკურ პროდუქტებს, კერძოდ, კივანოს, მინი კივს, პეპინოსა და ოკრას სთავაზობენ.