COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიოში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები დახლებიდან გაქრა. ერთი წლის წინათ მომარაგების ხაზის გაწყვეტამ და მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ დეფიციტური გახადა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კონსერვები, ზეთი, ბურღულეული, ტუალეტის ქაღალდი, სადეზინფექციო ხსნარი, სარეცხი და საწმენდი საშუალებები.
„დარჩი სახლში“ კამპანიის გამო გასულ წელს სულ უფრო მოთხოვნადი გახდა „თავსატეხები“ ანუ Puzzle-ები, საცხობი საფუარი, შინაური ცხოველები, PlayStation-ები, ლეპტოპები და პლანშეტური კომპიუტერები, ველოსიპედები. იყო უჩვეულო დეფიციტიც: მაგალითად, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბანკში 100-დოლარიანი კუპიურები გაქრა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან სახლებში სასმელების გადინების შედეგად აშშ-ში მოთხოვნადი გახდა ალუმინის ქილები. ზარაფხანების დახურვის გამო ოქრო მაშინვე სტაბილურ ინვესტიციად ჩაითვალა და მასზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა ისევე, როგორც მცირე ზომის ოქროს მონეტებზე. გაიზარდა მოთხოვნა ადამიანის სისხლზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სეგმენტში დეფიციტის მხრივ ვითარება გამოსწორდა, სახელდება რამდენიმე პროდუქცია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კოვიდპანდემიის გამო დღემდე დეფიციტურია. Bloomberg პირველ რიგში მეტალის კონტეინერებს ასახელებს, რომლის დეფიციტი გასული წლის მეორე ნახევარში სავაჭრო ურთიერთობების სწრაფი ტემპით აღდგენამ გამოიწვია. დიდი მეტალის კონტეინერებით მსოფლიო ეკონომიკაში საქონლის 90% -ის საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვა ხდება.
სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება ტუალეტის ქაღალდის მოსალოდნელი მორიგი დეფიციტიც. მას ხის რბილი მასისგან, ნახერხისგან ამზადებენ, ხოლო როგორც მერქნის გადამამუშავებელ უმსხვილეს საწარმო Suzano SA-ში აცხადებენ, გადასაზიდი კონტეინერების დეფიციტი ხის მასალის მომარაგებაში პრობლემებს სულ უფრო ზრდის. ასე რომ, თუ კოვიდპანდემია ტუალეტის ქაღალდის დეფიციტით დაიწყო , შესაძლოა, პანდემია ამავე დეფიციტით დასრულდეს.
საბითუმო ფასები იზრდება ყავაზეც. ყავის მიწოდება ექვსწლიან მინიმუმზეა დასული და ბრაზილიის ხშირი გვალვების, აგრეთვე, გადაზიდვების პრობლემების გამო მოელიან, რომ მსოფლიო ბაზარზე ყავის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.
ალუმინი კვლავ დეფიციტში რჩება და როგორც ალუმინის ქილების მწარმოებელი კომპანია Ball Corp-ის პრეზიდენტი დენიელ ფიშერი აცხადებს, ალუმინის ქილების დეფიციტი მინიმუმ 2023 წლამდე გაგრძელდება.
მოსახლეობის შინ დარჩენის გამო 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე მეტ-ნაკლებად დეფიციტური რჩება დაკონსერვებული, განსაკუთრებით კი მარინადის პროდუქტები. აშშ-ში პანდემიის გაჩენიდან კეტჩუპის გაყიდვები 300%-ით გაიზარდა, რამაც ბაზარზე მისი დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებით დეფიციტურია კეტჩუპის ერთჯერადი პაკეტები, რომლებსაც, ძირითადად, სწრაფი კვების ქსელში იყენებენ.
შინაური ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მასიური ყოლის შედეგად დეფიციტური ხდება შინაური ცხოველების საკვებიც.
Bloomberg-ის დეფიციტებში მოხსენიებულია COVID-19-ის ვაქცინები და ადამიანის სისხლი. თებერვალში „წითელი ჯვრის“ მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგაშო განცხადება გაავრცელა, რომ ბევრ ქვეყანაში სისხლის ბანკები კრიზისს განიცდიან.
სერიოზული დეფიციტშია ე.წ. ნახევრადგამტარი ჩიპები, რის გამოც მსხვილმა ავტომწარმოებლებმა ზოგიერთ ქვეყანაში ან შეაჩერეს ან შეანელეს ავტომობილების წარმოება. ავტომობილის სენსორული ეკრანის, ნავიგაციის, ბლუთუზ-სისტემისთვის აუცილებელი ეს დეტალი კომპიუტერულ და სათამაშო ტექნიკაში, სმარტფონებშიც მასიურად გამოიყენება, მათზე მოთხოვნის რეკორდულმა ზრდამ კი ბაზარზე ჩიპების დეფიციტი გააჩინა.
დეტალების დეფიციტის გამო სანაოსნო პორტების ქვეყნებში ნავების შეკვეთებმაც მოიკლო და თითო შეკვეთის მიღებას ოთხიდან ექვს თვემდე სჭირდება. იმის გამო, რომ ღია ზღვაში ადამიანები კორონავირუსისგან უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, კერძო იახტების შეძენაზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ გასაყიდად გამოტანილს კლიენტები იშვიათად აწყდებიან.
გადაადგილების შეზღუდვების შემდეგ დიდ იშვიათობად გადაიქცა ველოსიპედის შეძენაც. პანდემიის დაწყებიდან ველოსიპედების გაყიდვა 121%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ახალი ველოსიპედების მიწოდება ბაზარზე შეწყდა. ჟურნალი Bicycling-ის მონაცემებით, გასული წლის სექტემბერში შეკვეთილი ველოსიპედის შეძენას კლიენტი დეკემბერშიც კი ვერ ახერხებდა. მოელიან, რომ ველოსიპედების და მისი დეტალების დეფიციტი 2022 წლამდე გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ