18 სახეობის ყველი, არტიზანული შოკოლადი და 50 სახეობის ჯემი - როგორია ფოკის დედათა მონასტრის წარმოება

წითელი და თეთრი აბული, ეკვადორიდან ჩამოტანილი კაკაოს მარცვლით ხელით შექმნილი შოკოლადი, ჟოლოს ჯემი პიტნითა და ვისკით - ეს ფოკის დედათა მონასტრის წარმოების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მონასტერი ფარავნის ტბასთან, საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს 1992 წელს გაიხსნა. მას შედეგ დედებმა წარმოება სხვადასხვა კუთხით განავითარეს. რა სირთულეები ახლავს ზღვის დონიდან 2080 მეტრზე ცხოვრებას და რა სახის პროდუქციას აწარმოებენ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მონაზონმა რაქილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მათ მიერ წარმოებული ყველი არის ევროპული ყაიდის ქართული ნაწარმი, რადგან დაძველებული ყველის ტრადიცია სამცხეში არის და ამას დაეფუძნა მათი წარმოება.

170521394-503775067457587-5918738249529317456-n-1617974353.jpg

,, როცა ფოკაში ჩავედით და დავიწყეთ სამონასტრო ცხოვრება, რაღაცით უნდა გვერჩინა თავი. აქ, მესაქონლეობას მისდევენ და ჩვენც იგივე გზას დავადექით. ვაკეთებდით ტრადიციულ იმერულ ყველს, მაგრამ რადგან ჩვენთან ძალიან ცივა, არ გამოდიოდა კარგი. ამიტომ მივუბრუნდით ტრადიციებს, რომელიც ჯავახეთში არის და დავიწყეთ დაძველებული ყველის კეთება.

ლურჯი, ობიანი ყველი, ეს ძალიან ორგანული და ტრადიციული რეცეპტია ჯავახეთში. მოვიძიეთ მისი რეცეპტი. ამის შემდეგ, ვიყავით საფრანგეთში ერთ-ერთ მონასტერში, სადაც გავეცანით ყველის წარმოების ტექნოლოგიებს. ჯავახეთში, იყვნენ კათოლიკე მონაზვნები საქადაგებლად და მათ შემოიტანეს ეს კულტურაც.

ახლა რასაც ვაწარმოებთ, ეს არის ნაზავი, ქართული და ევროპული ყველის წარმოების. ვაძველებთ ყველს ჯავახური ოდების მიწის ქვეშ, სადაც ბუნებრივი განიავებაა. ეს ევროპული ტრადიცია ცხადია არ არის. ამის შემდეგ, ჩვენ დავამატეთ საკუთარი რეცეპტებიც და ახლა გვაქვს 17-18 სახეობის ყველი სეზონურად. სხვა სახეობებთან ერთად, ეს არის თეთრი და წითელი აბული, რომელსაც მთის ფორმა აქვს. წითელი აბული არის ალპური მცენარეებით და გარედან პაპრიკით დაფარული, თეთრი კი სელის მარცვლებით, რომელიც ასევე ჯავახეთში მოდის. ჩვენ სელის ზეთსაც კი ვხდით. ასევე გვაქვს პირამიდა ცისფერი ობით.

170806729-890963975078515-6427847142778323053-n-1617974376.jpg

წარმოება დავიწყეთ ყველით და ამას მოყვა ბევრი რამ. კაკაოს მარცვალი ჩამოგვაქვს ეკვადორიდან და ვაკეთებთ ადგილზე შოკოლადს, რომელიც ხელით ნაკეთი, არტიზანულია. მარცვალს ვამუშავებთ და ვიღებთ სხვადასხვა პროცენტულობის შოკოლადს. ჯემები გვაქვს 50-მდე სახეობის ალპური კენკრით, მესხური ხილით. ჩვენ ე.წ. შემნახველებს არ ვუკეთებთ ჯემებს, ვამატებთ ვაშლის ბუნებრივ ჟელეს (პექტინს). ვაკეთებთ იმდენად დაბალ ტემპერატურაზე, რომ შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება. გვაქვს ასევე ჩვენს მიერ შექმნილი გემოების კომბინაცია - ჟოლო პიტნითა და ვისკით. ვურევთ ასეთ გემოებს. ასევე გვაქვს თაფლი ჩვენივე სკების“-განაცხადა დედა რაქილმა.

მისივე თქმით, მონასტერში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას პანდემიამდე თბილისის ტურისტულ ადგილებში რამდენიმე მაღაზია ახდენდა. ახლა კი, მხოლოდ მათ მონასტერთან არსებულ მაღაზიაში შეუძლიათ მსურველებს მისი შეძენა.

171034178-1328675790836460-5409451915578195958-n-1617974396.jpg

,,ჩვენი მონასტერი რეალურად შორს არ არის, დედაქალაქიდან მხოლოდ 2 საათის გზაა. თუმცა მკაცრი კლიმატური პირობებია. ხანგრძლივი ზამთარია დიდი თოვლით. სანამ პანდემია დაიწყებოდა, რეალიზაციას თბილისში რამდენიმე მაღაზიის საშუალებით ვახდენდით, რომლებიც ტურისტულ ადგილებშია. დაინტერესებაც საკმაოდ დიდი იყო. შემდეგ ყველაფერი დაიხურა. ადგილზეც გვაქვს მაღაზია, სადაც ვყიდით ჩვენს ნაწარმს. პანდემიამდე ძირითადად უცხოელები დადიოდნენ, თუმცა ახლა ქართველებიც ხშირად გვსტუმრობენ. მონატრებული არიან სადმე გასვლას“, - ამბობს დედა რაქილი.

ცნობისთვის, მონასტერში მუდმივად 7 ადამიანი ცხოვრობს. 6 მონაზონი და ერთი მორჩილი.

171195997-154901006541351-3530672356548208184-n-1617974556.jpg

თამარ მუკბანიანი