FactCheck.ge: ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია მეტწილად მცდარია

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც "ფაქტ-მეტრში" აცხადებენ, პირველიდან რვა დეკემბრამდე "ფაქტ-მეტრმა" სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სტატია მთავრობის წარმომადგენლების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

"ბოლო დღეებში სახეზეა ლარის კურსის ვარდნა. საქართველოს მთავრობის პოზიციის თანახმად, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებითაა გამოწვეული და მას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს. "ფაქტ-მეტრის" კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აშშ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მართლაც გამყარდა, მაგრამ ამ ფაქტორის ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად მოყვანა არასწორია. ქართული ვალუტა, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გარდა, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, დოლარი კი გლობალურად ივლისიდან მყარდება", - აცხადებენ "ფაქტ-მეტრში".

მათივე ცნობით, ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დოლარის მოცულობის შემცირებაა. გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბალანსი 593 მლნ დოლარით გაუარესდა, რამაც ლარის კურსის ვარდნა განაპირობა. ასევე, 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების და კრედიტების შემოსვლა 135 მლნ დოლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა ნოემბრამდე. "შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ლარის კურსის ვარდნის ტენდენციას გარე ფაქტორებით ხსნის და ცდილობს მთლიანად გამიჯნოს ის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, მეტწილად მცდარია", - აცხადებენ "ფაქტ-მეტრში".