თეთრმა სახლმა მომავალი ფინანსური წლისთვის  1,5 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა

თეთრმა სახლმა პარასკევს წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტი 2022 ფინანსური წლისთვის (რომელიც დაიწყება 2021 წლის 1 ოქტომბერს), რომლის მოცულობა 1,52 ტრილიონი დოლარია.

ამის შესახებ ნათქვამია, სენატში ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის პატრიკ ლიხის სახელზე გავრცელებულ წერილში.

ირკვევა, რომ ხელისუფლებამ მომავალი წლისთვის 118 მილიარდი დოლარით მეტი მოითხოვა, ვიდრე მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტში.

სამხედრო საჭიროებებთან კავშირის არმქონე პროექტებზე ამერიკის ადმინისტრაცია 769 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. კერძოდ, ეს სახსრები მიემართება ტრანსპორტის სამინისტროზე, განათლებაზე, იუსტიციაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ საჭიროებებზე. ამ პუნქტში საუბარია, წლევანდელთან შედარებით ხარჯების 16%-ით 105,7 მილიარდით გაზრდაზე. თავდაცვაზე კი ხელისუფლება 715 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპთან შედარებით 40,8%-ით გაზრდის ხარჯებს განათლების სამინისტროსთვის, 27,7%-ით ვაჭრობის სამინისტროსთვის, 23,1%-ით ჯანდაცვის სამინისტროსთვის, 16%-ით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ასევე 21,3%-ით გაიზრდება გარემოს დაცვის სააგენტოს დაფინანსებაც.

როგორც გაზეთი The Hill წერს, თუ კონგრესი აღნიშნულ პროექტს დაამტკიცებს, ეს იქნება ერთადერთი გამონაკლისი წელი, როცა თავდაცვაზე დაიხარჯება იმაზე მეტი, ვიდრე ჯამურად სხვა სექტორებზე. პრეზიდენტის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესს ეგზავნება, საუბარია ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები თავად ამუშავებენ და ამტკიცებენ სამთავრობო ხარჯებს, რომელიც შემდეგ შემაჯამებელი დოკუმენტის სახით ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც ან ხელს აწერს, ან არა - დოკუმენტს.

კოკა კვირკველია