თეთრი სახლის მიერ პარასკევს წარდგენილი 2022 ფინანსური წლის ბიუჯეტში 6,9 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული პროგრამაზე NASA Artemis.
გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ამ პროგრამის ხარჯები წლევანდელთან შედარებით, 325 მილიონი დოლარით გაზარდა. 3 მილიარდი დოლარი მოხმარდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.
სულ კი NASA-ს ხარჯებზე 2022 ფინანსური წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 24,7 მილიარდი დოლარი, რაც 6,3%-ით, ანუ 1,5 მილიარდით მეტია არსებულ ბიუჯეტზე.
ცნობისთვის, NASA-მ პროექტი Artemis 2019 წლის გაზაფხულზე დააანონსა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. პირველი (Artemis 1) ითვალისწინებს უპილოტო გაფრენას Space Launch System (SLS) ხომალდით Orion მთვარის ირგვლივ და უკან, დედამიწაზე. მეორე ეტაპი (Artemis 2) - ეს არის დედამიწის თანამგზავრის ირგვლივ უკვე პილოტებიანი გაფრენა. მესამე ეტაპზე (Artemis 3) კი NASA აპირებს 2024 წლისთვის პილოტების მთვარის ზედაპირზე დასმას, ამის შემდეგ კი 2030-იანი წლებისთვის მარსისკენ გაფრენას. პროექტის პირველი ეტაპი წელს არის დაგეგმილი, მეორე კი 2023 წელს.