ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის მაკონტროლებელმა სახელმწიფო სამმართველომ ჩინური ინტერნეტ-გიგანტი კომპანია Alibaba 18,22 მილიარდი იუანით (2,78 მლრდ აშშ დოლარი) დააჯარიმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
ამის შესახებ საუბარია მარეგულირებლის საიტზე.
„მივიღეთ გადაწყვეტილება დავაჯარიმოთ Alibaba მონოპოლიის შესახებ კანონის დარღვევისთვის. ამ კომპანიას უნდა შეეწყვიტა ნაციონალური კანონის დარღვევა, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 2019 წელს ჩინეთში მისი გაყიდვების (455,71 მილიარდი იუანი) 4%-ით. შედეგად Alibaba-ს მოუწევს 18,22 მილიარდი იუანის გადახდა,“ - წერია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, გამოძიებამ დაადასტურა, რომ Alibaba აიძულებდა მომხმარებელს მისი მომსახურებით ისე ესარგებლა, რომ არ სთავაზობდა ალტერნატივას. „ეს კი ნეგატიურად აისახა ჩინეთის ელექტრონულ-კომერციაზე,“ - წერია განჩინებაში.
დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „რეალურ ფაქტებზე და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით“ და „საშუალებას იძლევა მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის“.
თავად ჩინური ინტერნეტ-გიგანტი Alibaba აღიარებს მარეგულირებლის გადაწყვეტილების სისწორეს და აპირებს გადაიხადოს ჯარიმა.
„ჩვენ მივიღეთ განჩინება და ვაღიარებთ მის სამართლიანობას, ვიმოქმედებთ შესაბამისად. ვაპირებთ დავნერგოთ უფრო სამართლიანი წესები და მოვახდინოთ სისტემის ოპტიმიზება დადგენილი ნორმების შესაბამისად. ვიქნებით უფრო პასუხისმგებლიანები საზოგადოების წინაშე,“ - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.