ლევან კალანდაძე: ფაქტია, რომ ქვეყანაში გარკვეული ტიპის ცვლილებებია საჭირო

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მისი თქმით, აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში ცვლილებები გატარდეს. "ფაქტია, რომ ქვეყანაში გარკვეული ტიპის ცვლილებებია საჭირო. ეს ცვლილებები უკავშირდება, როგორც ეკონომიკურ პრიორიტეტებს, ასევე ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხს იმ გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და გაუარესებულ მაკროეკონომიკურ ტრენდზე, რაც ქვეყანაშია", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ლევან კალანდაძე ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" ხედვას მოკლევადიან გეგმებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაციას.  "დღეს წარმოდგენილია ხედვა პოლიტიკური ორგანიზაციის, რომლის ძირითადი პრინციპი არის ერთის მხრივ მოკლევადიანი გეგმები, რაც უკავშირდება ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაციას, რაც თავისთავად სწორია. მეორე კუთხით, მათი ხედვა უკავშირდება სავალუტო ინტერვენციის ზრდას. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს. ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია, დაიწიოს გართულებული სიტუაცია ლარის კურსთან დაკავშირებით", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება გრძელვადიან პერპსექტივას, მისივე თქმით, ხელისუფლებამ კარდინალურად უნდა გადახედოს იმ პოლიტიკას, რაც აქვს. "მან უნდა დაგეგმოს და გააგრძელოს ბიზნესზე და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება ლიბერალურ პრინციპს და გულისხმობს მეტ თავისუფლებას ბიზნესისთვის. საბოლოო ჯამში ინვესტიციების და სამუშაო ადგილების გენერირება ხდება არა სახელმწიფოს, არამედ ინვესტორების და ბიზნესის მიერ", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ლევან კალანდაძე "ნაციონალური მოძრაობისა" და ექსპერტების შეხვედრას ესწრება. დღევანდელ შეხვედრაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარმოადგინა თავისი ეკონომიკური ხედვები მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით. მოკლევადიანი გეგმები გულისხმობს ლარის კურსის დასტაბილურებას, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს და მათ შეთავაზებებს პარლამენტში წარადგენს.