მულტიეროვნულ საინვესტიციო ბანკ „ბენკ ოფ ამერიკას“ მონაცემებით, ბოლო ხუთ თვეში სააქციო ფონდებმა ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი მიიზიდეს, რაც წინა 12 წელიწადში, იმავე მიზნებისთვის დახარჯულ ფინანსებზე მეტია.
იმავდროულად, ინვესტორები აღიარებენ, რომ იმ დროს, როდესაც სააქციო ბაზარი რეკორდულ მაჩვენებლებამდე არის გაზრდილი, დიდი შანსია იმისა, რომ ბაზრის დიდი შემობრუნება მოხდება. ცნობისათვის, სააქციო ბაზარი ამჟამად იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ეგრეთ წოდებული „დოტკომის ბუშტის“ წინ იყო (1990-იანების ბოლოს), რასაც ბაზრის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
„დოიჩე ბანკმა“ გამოაცხადა, რომ მომდევნო სამ თვეში, სააქციო ბაზრების 6-10-პროცენტიან ვარდნას მოელის. ეს იმ დროს, როდესაც იმავე პერიოდში, ეკონომიკის ეკონომიკის ზრდაა მოსალოდნელი.
ბანკ „სოსიეტე ჟენერალეს“ პირადი ბანკინგის და კაპიტალის მართვაზე სპეციალიზებულ შტო „კლაინუორთ ჰამბრესის“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ფაჰად კამალი ამბობს, რომ ინვესტორებს გაცნობიერებული აქვთ, რომ რისკავენ, როდესაც ბაზარზე რჩებიან. მაგრამ არსებული ტრენდი მათ შეგნებული რისკისკენ უბიძგებს.
ნოემბრიდან მოყოლებული, სააქციო ფონდებში ინვესტიციების მოცულობამ 576 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, წინა 12 წელიწადში იმავე მიზნით გაღებული ინვესტიციების მოცულობა „მხოლოდ“ 452 მილიარდი დოლარი იყო. ანლიტიკოსების შეფასებით, ასეთი ზრდა, ცენტრალური ბანკების ულტრა-რბილი მონეტარული პოლიტიკის და უპრეცედენტოდ მაღალი სტიმულირების პროგრამების შედეგია.