ევროკომისიამ აშშ-ს მთავრობას ურთიერთმოქმედი საბაჟო ტარიფების 6 თვით გაყინვისკენ მოუწოდა, რათა ორივე მხარემ ვაჭრობის სფეროში უთანხმოების მოგვარების გზები გამოძებნოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკიმ ჟურნალ Der Spiegel-ს განუცხადა.
„ამერიკელებს ჩვენ ყველა მოქმედი საბაჟო ტარიფის ნახევარი წლით გაყინვა შევთავაზეთ, რათა მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ერთგვარი აუცილებელი ამოსუნთქვის დრო იქნება ატლანტიკის ორივე მხარის მრეწველობისთვის და დასაქმებულებისთვის,“ - განაცხადა ვალდის დომბროვსკიმ.
2019 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპიდან იმპროტირებულ 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა. ამის საპასუხოდ 2020 წლის 9 ნოემბერს ევროკავშირმა ამერიკიდან 4 მილიარდი დოლარის იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფი გაზარდა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს შეთანხმება 10 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე ოთხი თვით ტარიფების გაყინვაზე. ეს შეთანხმება Boeing-ისა და Airbus-ის შესახებ სავაჭრო კონფლიქტს უკავშირდება. ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის Boeing-ისა და Airbus-ის საქმეზე სავაჭრო დავა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დავაა მსოფლიო სავაჭრო ისტორიაში. 2004 წლიდან აშშ ევროპას Airbus-ის უკანონო სახელწმიფო სუბსიდირებაში ადანაშაულებს, ევროკავშირი კი ანალოგიურ ბრალდებას ვაშინგტონს Boeing-თან მიმართებაში უყენებს.