ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს პატივი მქონდა შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.
ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.