ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასის მატება არ შეინიშნება

მედიკამენტებზე არანაირი ფასის მატება არ შეინიშნება.

ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცედურაში ჯანდაცვის სამინისტრო არ ერევა.

"შემიძლია დღეის მდგომარეობით მოგახსენოთ, რომ მედიკამენტებზე არანაირი ფასის ცვლილებები არ შეინიშნება. სამინისტრო ვაწარმოებთ გარკვეულ მედიკამენტებზე მონიტორინგს და შემიძლია გითხრათ, რომ ფასის მატება არ შეინიშნება. ძირითადი მონაცემები მაინც გვაქვს სადისტრიბუციო კომპანიებიდან და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილებები არ არის. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ კვირაში ფასების გადახედვა მოხდებოდა, მაგრამ რადგან ლარის კურსი შედარებით დასტაბილურდა, როგორც ინფორმაციას გვაწვდიან, არავითარი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ბოლო დღეებში იმპორტირებულ მედიკამენტებზე შეიძლებოდა მომხდარიყო ფასის გარკვეული ცვლილება, ეს საშიშროება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.