ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს შიდა ავიარეისების აკრძალვას იმ მარშრუტებზე, რა მანძილის 2-საათნახევარში დაფარვაც მატარებლით არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters-ის პარიზის ბიურო ავრცელებს. ამით საფრანგეთის მთავრობა ცდილობს, შეამციროს ჰაერში ნახშირბადის გამონაბოლქვით გამოწვეული დაბინძურება მიუხედავად იმისა, რომ ავიაგადაყვანების სფერო გლობალური პანდემიის შედეგად სირთულეების წინაშე დგას.
ეროვნულ ასამბლეაში ეს იყო პირველადი კენჭისყრა კლიმატის შესახებ კანონპროექტის, რომლის მიზანია საფრანგეთში 2030 წლისთვის ნახშირბადის გავრცელების 40%-მდე დაყვანა 1990 წლის დონესთან შედარებით. ქვედა პალატაში მესამე კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი სენატს გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ ავიაკომპანია Air France-ის რეკაპიტალიზაციისთვის 4 მლრდ ევროს (4,76 მლრდ დოლარის) გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამით მთავრობის წილი ავიაკომპანიაში ორმაგდება, რათა ფრენების შეზღუდვების გამო Air France-მა ფინანსური მდგომარეობა გაიმყაროს.
მრეწველობის მინისტრმა აგნეს პანიერ რუნაკერმა არ მიიღო საავიაციო ინდუსტრიის მხრიდან კრიტიკა, რომ პანდემიის პირობებში ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიებისთვის შიდა რეისების აკრძალვის დრო არაა. მინისტრის თქმით, ფინანსური დახმარება და კლიმატის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
„ავიაცია არის ნახშიროჟანგის სერიოზული წყარო და ამიტომ კლიმატის ცვლილებების გამო ჩვენ უნდა შევამციროთ გამონაბოლქვი. ასევე, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ავიაკომპანიების მხარდაჭერა და ეს მეორეხარისხოვან საქმედ არ უნდა გადავაქციოთ,“ - აცხადებს მინისტრი.
ეკოლოგიური ორგანიზაციების აქტივისტები კლიმატის შესახებ კანონპროექტს არასრულყოფილად მიიჩნევენ. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაფუძნებული კლიმატის სამოქალაქო ფორუმი შიდაფრენების აკრძალვას იმ მარშრუტებზე მოითხოვს, რომლის დაფარვაც მატარებლით 4 საათზე ნაკლებ დროში არის შესაძლებელი.
McKinsey-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, საჰაერო მიმოსვლა კრიზისამდელ დონეს 2024 წლმდე ვერ დაუბრუნდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ