კობა გვენეტაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-დან 33%-მდე ჩამოვიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-დან 33%-მდე ჩამოვიდა. ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ბევრი რამაა გაკეთებული.

„2012 -2013 წლებში იყო სესხები, რომლებზეც 100-200%-იანი ეფექტური განაკვეთი იყო. 2014 წელს ეს იყო 53%-იანი, მაგრამ იყო გარკვეული კატეგორიის სესხები, სადაც ეფექტური განაკვეთი 80%-იც იყო. 2016 წლიდან დაიწყო კლება, 2017 წლიდან ჩამოვიდა 42%-ზე, შემდგომ 2018 წლიდან უკვე 33%-მდე ჩამოვიდა. ახლა, ბოლო პერიოდში, არის 33%. 200%-დან 33%-მდე არის შემცირებული. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული ყოფილიყო. ეს ჩემი პრიორიტეტი იყო. იყო პრაქტიკა, როცა მსესხებელი შევიდოდა ბანკში ან საფინანსო ორგანიზაციაში და მას ხელშეკრულებას არ აძლევდნენ. მას ჰქონდა ინფორმაცია ვალუტაზე, თანხაზე, საპროცენტო განაკვეთზე, მაგრამ არ ჰქონდა ინფორმაცია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ახლა უკვე არის ვალდებულება, რომ მოქალაქეს ბანკმა ან საფინანსო ორგანიზაციამ ხელშეკრულების პროექტი მისცეს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში ბევრი რამ გაკეთდა და ვფიქრობ, რომ არ გაკეთებულიყო, ახლა უფრო ცუდად იქნებოდა საქმე“,- განაცხადა გვენეტაძემ.