ამერიკის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად მოიმატებს

კორონაპანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, მნიშვნელოვნად მოიმატოს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეკონომიკა შემობრუნების მდგომარეობაშია და ეს მასშტაბური ვაქცინაციისა და მძლავრი ფულად-საკრედიტო, საბიუჯეტო პროექტების შედეგია. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეკონომიკა სულ მალე დაიწყებს უფრო სწრაფი ტემპით ზრდას და ახალი სამუშაო ადგილებიც ბევრად უფრო სწრაფად შეიქმნება,“ - განაცხადა პაუელმა.

მისი თქმით, აშშ-ის ეკონომიკის მთავარი რისკი დაავადების სწრაფი ტემპით ხელახლა გავრცელებაა.

„ჭკვიანური იქნება, თუ ხალხი რეგულაციების დაცვას ისევ გააგრძელებს: გაიკეთებს პირბადეს და დაიცავს სოციალურ დისტანციას,“ - განაცხადა პაუელმა.

მარტში ჯერომ პაუელი ამბობდა, რომ შტატებმა პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების თავიდან არიდება შეძლო. თუმცა იქვე აცხადებდა, რომ ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა მომდევნო 2-3 წელიწადში, ერთგვარად, გაურკვეველი დარჩება.

კოკა კვირკველია