Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის გეგმაზე ციფრული იუანის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემებს აგროვებს. ამერიკის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პეკინი ამ ვალუტის დახმარებით მსოფლიოში დოლარის როლის შესუსტებას შეეცდება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ გაააქტიურეს ძალისხმევა, რათა გაიგონ, თუ როგორი იქნება შედეგი ამ ვალუტის ამოქმედების შემთხვევაში. ისინი შიშობენ, რომ ციფრული იუანის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიქცევა ბერკეტად დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის როლის შესამცირებლად.
ამერიკულ მხარეს კონკრეტულად აინტერესებს, თუ როგორ გავრცელდება ციფრული ვალუტა, იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დახმარებით ამერიკული სანქციების გვერდის ავლა და როგორი იქნება ამ ვალუტის გავლენა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინური ციფრული ვალუტის წინააღმდეგ რაიმე ზომის მიღებას ამ დროისთვის არ გეგმავს. თავის მხრივ, ვაშინგტონშიც დაიწყეს მეტი ინტერესის გამოვლენა ციფრული დოლარის შექმნაზე. ამ შესაძლებლობაზე ამერიკელმა კანონმდებლებმა გაცილებით ადრე მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენისგან და ფედერალური სარეზერვო სისტემისგან, რომელიც შტატებში ეროვნული ბანკის ფუნქციას ასრულებს.
ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ციფრული ვალუტის შექმნის პროცესში. ჩინური ციფრული ვალუტა მობილური კავშირისა და ინტერნეტის გარეშეც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. გასული წლის აგვისტოში ჩინეთის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძრვანელმა სუნ გოფენმა განაცხადა, რომ ჩინეთი აწარმოებდა ციფრული იუანის შიდა, დახურულ ტესტირებას სხვადასხვა ქალაქში, თუმცა მისი გამოსვლის ზუსტი გრაფიკი არ გამოქვეყნებულა.